გოგიტა გოგუასა და თემურ ქეცბაიას შორის კონფლიქტი „ხორვატიასთან“ მოგებული მატჩის მეორე დღეს მოხდა. 26 მარტს ეროვნულმა ნაკრებმა „ხორვატიას“ შინ 1:0 მოუგო, 27 მარტს კი მოულოდნელად ვარჯიშიდან ნაკრების თავკაცმა გოგუა დაითხოვა. როგორც შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, მწვრთნელმა ფეხბურთელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიზეზებზე აშკარად არავინ საუბრობდა. იყო მხოლოდ ქეცბაიას ცალმხრივი კომენტარები ტელევიზიით, სადაც გოგუას მისამართით არცთუ სასიამოვნო ფრაზები ისმოდა. გოგიტა გოგუამ ნახევარი წლის შემდეგ დუმილი დაარღვია და გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა.
საქინფორმი გთავაზობთ ინტერვიუს ფეხბურთელ გოგიტა გოგუასთან.
– ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ბევრმა ჟურნალისტმა დარეკა, მაგრამ არაფრის თქმა არ მინდოდა. თვალს ვადევნებ ქეცბაიას სატელევიზიო გამოსვლებს და გული მწყდება, როგორ ამბობს ჩემზე – ფეხბურთელი არ არისო. ნაკრებში ცუდად არცერთი შეხვედრა არ მითამაშია. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე დავხარჯულვარ. ამას კარგად ხედავს გულშემატკივარი და მთელი საქართველო. სამწუხაროა, მარტო ქეცბაიამ რომ ვერ დაინახა ეს.– საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
– „ხორვატიას“ მოვუგეთ წინა დღეს. ნაცვლად იმისა, რომ კარგ გუნებაზე ყოფილიყო, ფეხბურთელებს სხვაგვარად მოქცეოდა, პირიქით – შეურაცხყოფაზე გადავიდა. ვარჯიშისას ბურთი დავკარგე თუ რაღაც მსგავსი და – როგორ თუ შენ ბურთი დაკარგეო. როგორ, თვითონ ბურთი არ დაუკარგავს?
– კულუარებში ხშირად ისმოდა – კონკრეტული ვარჯიშის შესრულებაზე განაცხადა უარი გოგუამო. რატომ არ შეასრულეთ მწვრთნელის მითითება?
– იმასაც ამბობდნენ, რომ თურმე „ხორვატიასთან“ თამაში არ მინდოდა. არის პოზიციები, სადაც ვერ ვითამაშებ. კი, ნაკრებს სადაც ვჭირდები, იქ უნდა დავდგე, მაგრამ როცა ეთამაშები ძლიერ გუნდებს და დგახარ რომელიმე ადგილას კარგად და სათანადოდ მომზადებული, იქ უნდა მათამაშონ. ახლა რომ მითხრას – კარში ჩადექიო, როგორ ჩავდგები, თუ არ ვიცი ეს?! მწვრთნელმა პოზიციები უკეთ უნდა იცოდეს – ვინ სად თამაშობს. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება ხდება, მაგრამ ეს ყველას გასარჩევი არაა და ისევ მწვრთნელმა უნდა გაანეიტრალოს. ჩემზე კი იმას ამბობს – „ხორვატიის“ მერე არ მოუგიაო, ფეხბურთელებში ეძებს სულ დამნაშავეს. ერთხელ თავის თავსაც ჰკითხოს – იქნებ თვითონაა დამნაშავე? „ხორვატიის“ შემდეგ სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ნაკრებს, შესაძლოა, დღეს ევროპის ჩემპიონატზეც გვეთამაშა...
– თავად წამოხვედით ნაკრებიდან თუ ქეცბაიამ გამოგიშვათ?
– როგორც თვითონ ამბობს, გამომაგდო, მაგრამ მე წამოვედი. თუ იმას ამბობს, რომ თავად გამომიშვა ნაკრებიდან მოგებული თამაშის შემდეგ, მაშინ ისიც თქვას – რატომ... „რუსთავი 2“- ზე გამოვიდა – რა გააკეთა, როცა ვიგებდითო. მეც ვმონაწილეობდი იმ თამაშებში. თუ მე ფეხბურთელი არ ვარ, აბა, 10 კაცით როგორ იგებს თამაშებს?
– ქეცბაიას სიტყვიერ შეურაცხყოფაზე სხვა ფხბურთელები რატომ არ იღებენ ხმას?
– ქეცბაიაა და იმიტომ! მის მოსვლამდე მოგება არ გვქონდა, დავინახეთ, ამდენი მარცხის შემდეგ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ და უცებ ქეცბაიას ხატი შეიქმნა. „ძაან“ ქეცბაია გახდა.
– სწორად მიგაჩნიათ შეკრებიდან წამოსვლა?
– ეს ჩემი შეცდომა იყო. იმ დონეზე ვიყავი შეურაცხყოფილი, თვალი ვერ დავხუჭე. შესაძლოა, თავი დამეხარა, მაგრამ ნაკრები საქართველოსია და არა – ქეცბაიასი.
– ამ გადასახედიდან როგორ თვლით – ხომ არ იჩქარეთ გადაწყვეტილების მიღება?
– მსგავსი რომ განმეორდეს, შესაძლოა, იგივე ნაბიჯი გადავდგა. ძნელი მოსასმენია ის სიტყვები, რაც ქეცბაიასგან მაშინ მოვისმინე.
– არავინ გამოგესარჩლათ?
– არ მინდა, კონკრეტული გვარ-სახელები დავასახელო. ქეცბაიას ხასიათი ყველამ იცის. ბიჭები მაწყნარებდბენ – ხომ იცი, ემოციური კაციაო. მისი ემოციურობის შესახებ მეც ვიცოდი, მაგრამ დარჩენისა და თვალის დახუჭვის შემთხვევაში შესაძლოა, იგივე განმეორებულიყო, იმ დღეს თუ არა – მომავალში მაინც.
ყველაზე მეტად გულს მისი სიტყვები მტკენს – ფეხბურთელი არ არისო. არ ყოფილა თამაში, გოგიტა გოგუა გასულიყოს მოედანზე და თამაშისთვის რაიმე დაეკლო.
– ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ თავად გაქვს მძიმე ხასიათი და ყველასთან პრობლემა ამიტომ გექმნება...
– საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს. ტოპმიოლერის თავკაცობის დროს 92-ე წუთზე გავუშვით შოტლანდიასთან გოლი. შუაში ვიდექი და მე დამაბრალა. თავდასხმაში ვარ – მაინც მე მბრალდება. იქ ის მომენტი იყო, არ იცოდა – ვისთვის რა ეთქვა. პირველი მე შევეფეთე. მქონდა ამაზე მასთან საუბარი და მითხრა – უფრო კარგად შეგეძლო თამაშიო, თითქოს რაკი თურქეთთან წინა შეხვედრაზე შეცვლაზე შემიყვანა, ამიტომ არ ვითამაშე კარგად.
– იმასაც ამბობდნენ, ქეცბაიაზე განაწყენება გამოიწვია, ძირითად შემადგენლობაში რომ არ დაგაყენათ „ხორვატიასთან“...
– სათადარიგოზე ჯდომა თუ ვინმეს სიამოვნებს, ის ფეხბურთელი არაა. მე რატომ უნდა მომწონდეს, ჩამოსვლა და სკამზე ჯდომა? მაგრამ თუკი ვზივარ და შევდივარ შემდეგ, და კარგადაც, ამაში რა პრობლემაა?!
– თემურ ქეცბაიას მოსვლას ნაკრებში რაიმე დადებითი მოჰყვა?
– ერთადერთი – ჟინი მოიტანა.
– დისციპლინა არ დამყარდა?
– კი. დისციპლინა დამყარდა. ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი ფაქტორი, რაც მისი მოსვლისთანავე იგრძნობოდა გუნდში. სწორედ ამ დისციპლინის გარეშე არ მიიღწეოდა ის შედეგი, მაგრამ რაც ხდება დღეს ნაკრებში, მისი ბრალია. მარტო ფეხბურთელებს რომ აბრალებს, არც ასეა საქმე.
– ინციდენტის შემდეგ თუ დაეკონტაქტეთ?
– არა, არავითარი კავშირი!
– დღევანდელი შემადგენლობა ოპტიმალურია?
– არიან ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ თამაშს. როცა თავდასხმაში პრობლემები გაქვს, როგორ შეიძლება სირაძე არ გამოიძახო ნაკრებში, თუ ვინმეს გააქვს, ეს „სირაა“. ვუყურებ თამაშებს და ამდენი ხანია, კარში არ დაგვირტყამს. ან მუჯირისნაირი ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა იყოს? ხალხი ხედავს ამ ყველაფერს. ქეცბაიას კი ჰგონია, მხოლოდ მას ესმის ფეხბურთი. 20-25 წელია, ეს ბიჭები ერთად ვართ და ფეხბურთს ვთამაშობთ. ყველას გვესმის და არიან მწვრთნელები, რომლებსაც, ასევე, ბევრი ესმით. ერთი თავდამსხმელი თამაშს ვერ მოიგებს.
– თაობის შეცვლით პროგრესი იქნება?
– ფეხბურთელების შეცვლაზე რომ ვლაპარაკობთ, იქნებ მწვრთნელი შევცვალოთ? – ამაზე არ გიფიქრიათ? ესენი რომ წავიდნენ, ვინ ჰყავს ნაკრებს ამაზე უკეთესი?
– წაგებული თამაშების შემდეგ მუდამ გვესმის, რომ ფეხბურთელების დეფიციტია და ქეცბაია მესის ან პელეს ვერ გააჩენს...
– გუნდი როცა აგებს, ყველას უნდა დაბრალდეს. ჩვენთან ჯოხი მარტო ფეხბურთელებზე ტყდება. არ დაფიქრებულა ვინმე, რომ მოთამაშეებთან მიდგომა უნდა შეიცვალოს? მესი შეიძლება არ ჰყავს, მაგრამ კარგი ფეხბურთელები კი ჰყავს.
– ანუ ნაკრებში კადრების დეფიციტი არაა?
– მეკარე გვყავს, რევიშვილი თუ ლორია, მშვენივრად დგას. შეცდომა ვის არ მოსვლია. მცველებიც გვყავს. თავდასხმაში გვიჭირს, მაგრამ მარტო დვალიშვილმა რა უნდა ჰქნას ან სირაძემ?! ფეხბურთელებს რომ აბრალებ წარუმატებლობას, ტაქტიკა ხომ უნდა არსებობდეს?
– ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივა თუა?
– ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს ქეცბაია, როგორ ფიქრობთ – ნაკრებში დაბრუნების შანსი მაქვს? თუ მას არ ვჭირდები – მოვა ვიღაც, ვისაც დავჭირდები.
მე კი დღესაც ვამბობ: ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებში ვითამაშო, გულით და სულით. შეიძლება თამაში არ გამომივიდეს, მაგრამ როდესაც მითამაშია, არავის უთქვამს ზედმეტი ჩემთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა ცუდად ვყოფილვარ, მაგრამ ნაკრებში რომ ჩამოვსულვარ, იმდენი თავდაჯერება მოუციათ ჩემთვის, ძალა მიორმაგდებოდა, უკეთესად ვთამაშობდი.
– „ვოლგაში“ რა ხდება, რა მიზეზით გაგრიყეს?
– „ტერეკთან“ გვქონდა თამაში. მე და გოჩა ხოჯავამ გავიტანეთ. მეორე დღეს მოვიდა მწვრთნელი და გვითხრა, რომ არ ვჭირდებოდით. ხელმძღვანელობა შეიცვალა და მწვრთნელის გემოვნებაში „არ ვჯდებით“. ესაა და ეს.
– თბილისის „დინამოში“ ხომ არ გიხილავთ მალე?
– სურვილი მაქვს, მაგრამ რამდენად რეალური იქნება, არავინ იცის.
ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი
საქინფორმი