აქტუალური
შემოვლითი რკინიგზა და შეწყვეტილი დაფინანსება

rkinigza3თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ბოლო ხანს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება.

ორიოდ დღის წინათ თბილისის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის არქიტექტურისა და ეკოლოგიის სამსახურების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. განიხილებოდა საკითხები, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ახალი რკინიგზა მოსახლეობისათვის, მოახდენს თუ არა რაიმე სახის გავლენას სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას წარმოქმნილი ვიბრაცია ტერიტორიის ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურაზე, რა მექანიზმები იქნება გამოყენებული დასახლების ხმაურისგან დასაცავად, რა გზით მოხდება გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბინძურების საფრთხის თავიდან აცილება, რა ზომები იქნება მიღებული თბილისის ზღვის, როგორც ძირითადი სასმელი და სარწყავი რესურსის, დასაცავად და რა სახის კომპენსაციით იქნება დაკმაყოფილებული ის მოქალაქეები, რომელთაც საკუთარი განსახლების ადგილების დატოვება მოუწევთ. თუმცა როგორც ქრისტიან-დემოკრატმა ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მერიის წარმომადგენლებისგან მათ ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

მსჯელობდნენ არა მხოლოდ თბილისის საკრებულოში, არამედ ევროპის ბანკებშიც. როგორც ახლახან საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ევროპის ბანკებმა „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტის დაფინანსება შეწყვიტეს.

შპს „საქართველოს რკინიგზამ“  „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტის განსახორციელებლად დაფინანსების ძირითადი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღო. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 300 მლნ ევროს შეადგენდა, თუმცა 2010 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მლნ ევრო კრედიტის სახით დამატებით გამოყო პროექტის დასაფინანსებლად. პროექტი გულისხმობდა რკინიგზის შემოვლითი ხაზის აშენებას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ამ ეტაპზე ევროპის ბანკებმა პროექტის დაფინანსება შეაჩერეს. ამის მიზეზად კი სახელდება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან კორუფციული საქმიანობა, რის შესახებაც ცნობილი გახდა პროექტის სპონსორებისთვის. კერძოდ, საუბარია ხარჯების ხელოვნურად გაზრდაზე და ამ გზით მილიონობით ევროს მითვისებაზე.