პუბლიკაციები
საბა მეტრეველი: „ჩემი ქართული ოცნება და რატომ – ივანიშვილი?!“

metreveliბიძინა  ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის მუშაკებსაც დაუბრუნა უკეთესი მომავლის იმედი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ საბა მეტრეველსაც სჯერა ივანიშვილის – კაცისა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი „გაუკეთებელი საქმე არავის უნახავს, არც მოტრაბახე და მოლაყბე ივანიშვილი ახსოვს ვინმეს, ისიც გამიგია, როგორ ვერ იტანს თაღლითებსა და გამომძალველებს, იცის დროის, შრომის ფასი, სიკეთის ჩუმად კეთებაშიც არ ჰყავს ბადალი და არც მის პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი“.

საქინფორმი გთავაზობთ საბა მეტრეველთან ინტერვიუს – რატომ არის ბატონი საბა დღევანდელი ხელისუფლების უკმაყოფილო და რატომ – ივანიშვილი.

ბატონო საბა, თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას და განთლების სისტემას ამ სფეროში გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების გამო...

– როგორც ბიბლია გვეუბნება, არსებობს ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა... როცა 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუცია გამოცხადდა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ, თუ არის რევოლუცია, მნიშვნელობა არ აქვს, ვარდების იქნება თუ ყოჩივარდების, მას ახლავს ნგრევა, ნგრევას კი მსხვერპლი მოჰყვება. ამ ლოგიკით იმდენი რამ დაინგრა და განადგურდა, რომ ვშიშობ, მას ჩვენი ძალისხმევით ვეღარ ვუშველით. პირველი სამიზნე რევოლუციური ხელისუფლებისა იყო უნივერსიტეტი, არნახული სიძულვილით გაუსწორდნენ მას. ალბათ, ყველას ახსოვს აუდიტორიაში გამოკეტილი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მათი ამაო პროტესტი. მერე მეცნიერებათა აკადემიას შეესივნენ და მისი რეორგანიზაცია მოახდინეს, კადრების ოპტიმიზაციის სახელით უამრავი მეცნიერი მოყვა შემცირებაში და ვინც დავრჩით რეფორმირებულ  ინსტიტუტებში, კონკურსის წესით არჩეული, რჩეული გასამრჯელო დაგვინიშნეს და 160 ლარად ვმუშაობთ დღემდე, თანაც აკადემიის სისტემას ჩამოგვაცილეს, რადგანაც განათლების სამინისტროს „მეცნიერების“ სახელიც მიუმატეს და ასე მივიღეთ განახლებული სტრუქტურა „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, რომელიც დღენიადაგ საუბრობს მასწავლებელთა ხელფასების მომატებაზე (1000 ლარი სერტიფიცირებულ პედაგოგსო) და საერთოდ არ ახსენებს მეცნიერებას. ესეც ამ კონცეპტუალური ხელისუფლების სამოქმედო რეჟიმია. უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული სკოლა. ჯერ იყო და, ლომაიას დამანგრეველმა რეფორმამ ქართული ჰაგიოგრაფია მკვდარ ტექსტად გამოაცხადა. ამით, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანეს საეკლესიო მწერლობას და რელიგიის სწავლებაც გააუქმეს. ესეც მათი ეროვნული ცნობიერების გამოვლენის საინტერესო განაცხადი იყო. მერე ლოტოტრონით არჩეული დირექტორებიც მოგველანდნენ, ამის შემდეგ ინტეგრირებული სწავლება გაახსენდათ და საბუნებისმეტყველო საგნები სკოლაში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა...

გამოხდა ხანი და ქვეყნის ხელისუფალს გვიან გაახსენდა, რომ თურმე ამ ტიპის სწავლება დამღუპველი ყოფილა და ისევ დაუბრუნდნენ ძველ, არარევოლუციურ წესს. ოღონდ ახლა ახალი თავსატეხი გაიჩინეს – ინგლისურენოვანი ექსპანსია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია, ბავშვმა მშობლიურ ენაზე წერა და აზროვნება უცხო ენასთან ერთად დაიწყოს, ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ ჩვენი ევროპელობა ხომ უნდა გავამყაროთ?! ამიტომაც ხისტად და ჯიუტად მივყვებით რევოლუციურ გზას!

თქვენი, როგორც მეცნიერის, აზრით, რა უნდა გაკეთდეს განათლების სფეროში მდგომარეობის გამოსასწორებლად?

– ქართულ მეცნიერებას თავისი ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს; მეცნიერს უნდა მიეცეს საშუალება არსებობისა, ღირსეული მუშაობისა და კვლევისა; სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში უნდა აღდგეს განყოფილებები, თორემ დარგებისა და მიმართულებების განვითარების მწვავე დეფიციტის პირისპირ აღმოვჩნდებით. ქართულ სკოლას სჭირდება არა იდეოლოგიას მორგებული დირექტორები, არამედ სასწავლო-საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი უნარების ხელშემწყობი მენეჯერები. მასწავლებლის კვალიფიკაცია კომპიუტერითა და ინგლისურით კი არ უნდა განისაზღვროს, არამედ საგნის ღრმა ცოდნითა და სასწავლო პროცესზე თანამედროვე მეთოდოლოგიების შემოქმედებითად მორგებით.  ჩვენი ქართული ოცნება ისიცაა, რომ სკოლებში რელიგიის სწავლება აღდგეს და სახელმწიფოს, ბოლოს და ბოლოს, ჰქონდეს თავისი ეროვნული იდეოლოგია როგორც განმსაზღვრელი სტრატეგია მოქმედებისა.

ქართული ოცნება ახსენეთ, რა არის თქვენი, როგორც ქართველის, ოცნება?

ვინ მოთვლის, რამდენ რამეზე ვოცნებობთ: ფეხზე დამდგარ ძლიერ ქართულ სოფელზე და არა „სიმინდის რესპუბლიკაზე“, ქალაქში დასაქმებულ ადამიანებზე, საარსებო მინიმუმთან მიახლოებულ პენსიასა და ნორმალურ ხელფასზე, სამედიცინო დაზღვევასა და სოციალურად დაცულ მოსახლეობაზე, თავისუფალ პრესასა და ინტელექტუალურ ტელევიზიაზე; უნიჭო, მედროვე და „მეფის კარზე“ დაწინაურებული „ცნობადი სახეებისგან“ განთავისუფლებულ ქვეყანაზე, ღირსეულ დამოკიდებულებასა და ადამიანურ კულტურაზე, კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმზე, ერთმანეთის ნდობასა და სიყვარულზე... აი ეს არის ჩემი, როგორც რიგითი ქართველის, ოცნება, რომლის განხორციელებისა  და ახდენის იმედიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ მომცა.

რა გაძლევთ დარწმუნების მიზეზს, რომ ამ ყვლაფერს ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს?

– ისე გავატარე ჩემი ცხოვრება, რომ არათუ პოლიტიკა, არჩევნებზეც კიარ წავსულვარ, არასდროს საარჩევნო ყუთთან არ ვმდგარვარ! იმდენად გამაღიზიანებელი და ბინძურია წინასაარჩევნო კამპანია, საერთოდ განრიდებული ვიყავი ამ პროცესებს და ლამის თვითგვემამდე მივედი, რადგან საშველი არ დაგვადგა და არ გვეღირსა ჩვენი ოცნების საქართველო. ყოფიერებას მე ვეძახი აბსურდის ქვეყანას და ასეთ გარემოში, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ელოდე. ივანიშვილი ისე იყო გასაიდუმლოებული, მისი ფოტოც კი ვერ ვიპოვე. არადა, რამდენი რამ გვესმოდა იმ სიკეთეზე, რომელსაც აკეთებდა. მახსოვს, ერთხელ სოფიკო ჭიაურელს ვუთხარი – მანახეთ ეს კაცი, შორიდან მაინც დამანახეთ-მეთქი. გაეცინა და მიპასუხა – შენ კი არა, მე ვერ ვპოულობ, ის სააშკარაოზე არ გამოდისო. მაშინ ქალბატონი სოფიკო თეატრის აშენებას აპირებდა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა. დღეს უკვე აღარც მისი თეატრი არსებობს!

ივანიშვილის პირველმა გამოჩენამ, ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ძილი და შვება გაუკრთო ბევრს. ჩვენი ქართული ოცნების ახდენის სერიოზული და რეალური იმედი მომეცა და გადავწყვიტე მის გვერდით დგომა. მისი გაუკეთებელი საქმე არავის უნახავს, არც მოტრაბახე და მოლაყბე ივანიშვილი ახსოვს ვინმეს, ისიც გამიგია, როგორ ვერ იტანს თაღლითებსა და გამომძალველებს, იცის დროის, შრომის ფასი, სიკეთის ჩუმად კეთებაშიც არ ჰყავს ბადალი და არც მის პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი. აი, ამიტომ ივანიშვილი!

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მედროვე და მექრთამე გამოყოფს თავს და მოინდომებს მის გვერდით დგომას. ამბობენ, უკვე რამდენიმე ასეთი უღირსი ადამიანი გამოჩნდაო მის გვერდით, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია და თავისთავად დაიწმინდება. დრო სჭირდება მოვლენების დალაგებას. მთავარია ის, რომ ამ ჭაობში, ამ გარემოში ცხოვრება არ შეგვეძლოს და ყველამ ერთად აღვადგინოთ დანგრეული.

კიდევ ერთი, ერთობ მნიშვნელოვანი – არარევანშისტული ძალა მოდის, ვინმეს ჩასაძირად და ჩამოსახრჩობად კი არა, ერთმანეთობის სიხარულით ერთიანი საქართველოს ძლიერების მეოცნებე და ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებული. აი, კიდევ ამიტომ ივანიშვილი! მე მჯერა ქართული ოცნების ახდენის!

 

ესაუბრა

თეო ტაბატაძე