თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „EurActiv“-ის პოლონეთის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„ვშიშობ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, მასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ერთი მხრივ, ვემზადებით უარესი სცენარისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ცვლილებებს და რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ვიმედოვნებთ“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე აზრით, მიუხედავად რუსეთთან ამჟამად არსებული რთული ურთიერთობისა, მოსკოვი მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.„ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ის არა მხოლოდ საუბრობს, არამედ ამ მხრივ ნაბიჯებსაც დგამს. პუტინმა საქართველოს ნაწილი წაიღო. მან, ასევე, განაცხადა სამხრეთ ოსეთის და ბელარუსის შერწყმის შესაძლებლობაზე. ის ამ ყველაფერზე აბსოლუტურად ღიად საუბრობს. იგი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ეს რთული სიტუაციაა... მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება. ეს არის ის, რისი იმედიც მე მაქვს. რუსეთს არ აქვს არც საკმარისი რესურსები და არც ინტელექტუალთა ფართო ფენა ჰყავს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა განაგრძოს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ენერგოსექტორში არსებულ ურთიერთობაზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსკოვის მხრიდან გაზის გადაკეტვა არ ემუქრება.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ მთლიანად დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში საუკეთესო სიტუაციაა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ ელექტროენერგიას და მის ექსპორტსაც კი ვეწევით რუსეთში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ მივიღეთ სატრანზიტო შეღავათები რუსეთიდან იმპორტირებულ მცირე რაოდენობის გაზზე, რადგან მისი ტრანსპორტირება ხდებოდა ჩვენი სამხრეთელი მეზობლის – სომხეთისკენ. ჩვენ გაზის და ნავთობის იმპორტს აზერბაიჯანისგან ვეწევით და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მას თურქმენეთიდან. რასაც რუსეთმა ემბარგოს, შანტაჟისა და ზეწოლის გზით მიაღწია, ის არის, რომ საქართველო ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის რუსეთზე დამოკიდებული. თუმცა რთულ სიტუაციაში ვართ იმ მხრივ, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ რეგიონებიდან გვყავს დევნილები“, – განმარტავს სააკაშვილი ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც „foreignpress“ აქვეყნებს.