აქტუალური
ოფიციალური თბილისი რუსულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს გმობს

sagareo-saminთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. „აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და საზღვაო სივრცეების გამიჯვნასთან დაკავშირებით“ რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლების შეხვედრის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

2011 წლის 8 ნოემბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, ოკუპირებულ სოხუმში (აფხაზეთი, საქართველო) ტარდება რუსეთისა და აფხაზეთის საქართველოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მესამე შეხვედრა ე.წ.
აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვაო სივრცეების გამიჯვნის საკითხებზე. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. მოლაპარაკებები არის უკანონო და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგები, ხოლო ერთადერთ მხარეს, რომელთანაც შესაძლებელია მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე (როგორც სახმელეთო საზღვრის, ისე საზღვაო სივრცეების გამიჯვნის თაობაზე), წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება“.