თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის (სრპ) რიგით XIV ყრილობა იმართება, რომლის დელეგატები პარტიის ახალ მმართველ გუნდს აირჩევენ.
„სპეციალურად ამ ყრილობისთვის ახალი კომპიუტერული პროგრამა შეიქმნა, რომლის საშუალებითაც ქართულ პოლიტიკაში პირველად ელექტრონული არჩევნები ჩატარდება. ყრილობას წინასწარ რეგისტრირებული 832 დელეგატი დაესწრება როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. 35-კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად – 61 კანდიდატი, ხოლო 5-კაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად 10 იყრის კენჭს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად კენჭს თავადაც იყრის, ხოლო კომიტეტის არჩევიდან უახლოეს მომავალში მისი წევრებიდან, ასევე, კენჭისყრით, ერთ-ერთი გახდება პარტიის თავმჯდომარე.
გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე დავით უსუფაშვილი და სარევიზიო კომისიის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ორი წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობენ და პარტიის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავენ.
ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებიან.
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ტარდება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“.