თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე საქართველო-რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელი 10 ნოემბერს მოეწერება.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგა და ფორმალურ დასასრულსაც უახლოვდება. ამავდროულად, ყველაზე ხაზგასასმელი ქართული მხარისთვის ისაა, რომ გასული წლების განმავლობაში სრულიად უკონტროლო ტვირთბრუნვა ერთხელ და სამუდამოდ იურიდიულ ჩარჩოებში მოექცევა და მასზე საერთაშორისო ზედამხედველობა განხორციელდება. შვეიცარიის მიერ შერჩეული კომპანიები უახლესი ტექნიკით იქნებიან აღჭურვილნი და მონიტორინგის განხორციელებას შეძლებენ. ამავდროულად, მათ ინფორმაციის გაცვლის ეფექტური მექანიზმი ექნებათ. ასევე, დამატებით საერთაშორისო დავების განმხილვის მექანიზმი იარსებებს“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ
მისი განმარტებით, დოკუმენტში საზღვრების განსაზღვრა არ მოხდება, მაგრამ გეოგრაფიული ნიშნულები, სადაც დამკვირვებლები განლაგდებიან, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სამ ნიშნულს მოიცავს, სადაც საზღვრები იკვეთება.
„ამ ნიშნულებს შორისაა ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რასაც ქართული მხარე დამატებით მიღწევად მიიჩნევს, რადგან ამით რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე საერთო სავაჭრო ბრუნვის აღიარება მოხდა. კონკრეტულად, სად განთავსედებიან დამკვირვებლები, ვიდრე 10 ნოემბერი არ მოვა, გვირჩევნია, დეტალების დასახელებისგან თავი შევიკავოთ“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.