თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი გუშინ ყვარლის მეორე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი „ჯეოსელის“ კლასი გახსნა. ახლად გახსნილ საკლასო ოთახში გაკვეთილები თანამედროვე, ინტერაქტიური ტექნიკის საშუალებით იმართება, რომლის მიმდინარეობის პროცესი საქართველოს პრეზიდენტმა პირადად შეაფასა.
„საქართველოში ყველა საკლასო ოთახი ასეთი არ არის – ბოლომდე ჯერ ყველა სკოლაც არ გაგვირემონტებია, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი დაინერგა, იმის მაჩვენებელია, რომ ეს თაობა 10 თავით მაღლა იქნება, ვიდრე ჩემი, ან ნებისმიერი მათზე ადრე დაბადებული. ჩვენი თაობის დამსახურებაა ის, რომ შემდეგ თაობებს მსგავს პერსპექტივას ვუქმნით. ინფორმაციის, ცოდნის, მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, ეს ბავშვები იმაზე მეტს შეძლებენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვფიქრობ, მომავალ წელს ასეთივე კლასი ასამდე სკოლაში გვექნება, ხოლო 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით, საქართველოს ყველა ძირითადი ცენტრის, ქალაქის, რაიონისა და დიდი სოფლის სკოლებში გავხსნით მსგავს საკლასო ოთახებს – ყველა სკოლაში ერთიანი სტანდარტი უნდა შეიქმნას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებთან ერთად პირველი ექსპერიმენტული სკოლის „ჯეოსელის“ კლასს ონლაინრეჟიმში ჩაერთო და თბილისელ მოსწავლეებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის არა მხოლოდ კონკურენცია, არამედ ის, რაც სამყაროს ახლებურად აღქმას შეუწყობს ხელს.
„ჯეოსელის“ ოთახში ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორია დამონტაჟებული, რაც ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
ამ შემთხვევაში შეკითხვას არ იწვევს თვითონ ამ კლასების გახსნის ფაქტი, რადგანაც, როგორც გვარწმუნებენ, მათი მოწყობა და აღჭურვილობა ფიჭური კავშირის კომპანია „ჯეოსელს“ დააკისრეს (როგორც ადრე ბევრი სახელისუფლებო პროექტი – მაგალითად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების კავშირის უზრუნველყოფა და სხვ.). არც ისაა გასაკვირი, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი რატომ აკეთებენ აქცენტს სკოლების საყოველთაო „კომპიუტერიზაციასა“ და ინგლისური ენის პრიორიტეტის გამოცხადებაზე – იმ დროს, როცა საქართველოში, ძირითადად, ახალგაზრდა თაობაში რუსული ენა თითქმის არავინ იცის, მოზარდები იძულებული იქნებიან, ინფორმაცია მარტო ინტერნეტის მეშვეობით , ანუ ქართულ და ინგლისურ ენაზე მოიძიონ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ინტერნეტში ქართულ ენაზე ინფორმაციის განთავსება სწორედ რომ ამ ხელისუფლების დროს დაიწყო, ანუ იქ ხვდება მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, ახალგაზრდა თაობა მიიღებს ზუსტად იმ მონაცემებს, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებში შედის.
არ დავიწყებთ დავას იმის თაობაზე – რამდენად მიზანშეწონილია სწავლების ტრადიციული მეთოდებისა და წერა-კითხვის მაგივრად ე.წ. ჭკვიანი დაფების მეთოდით სწავლება – ეს გამოცდილ ექსპერტებს, მეცნიერებსა და პედაგოგებს მივანდოთ. გასაკვირი სხვა რამაა – საქინფორმის ჟურნალისტები გუშინ ქალაქ თბილისის რამდენიმე სკოლას ესტუმრნენ, სადაც მათ სიცივე, ზოგჯერ კი ამ სიცივის გამო ჩაშლილი სასწავლო პროცესი დახვდათ (სკოლებს ვერ დავასახელებთ იმ მიზეზის გამო, რომ ხელმძღვანელობას პრობლემები არ შეექმნას, რადგანაც ამ სკოლებში საქინფორმის ჟურნალისტების შვილებიც სწავლობენ).
გათბობისა და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა გამოიკვეთა კერძო სკოლების ხელშეწყობის მიზნით ამ ზაფხულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების სასწრაფოდ აუქციონზე გატანისა და კერძო სკოლებად ქცევის შემდეგ. კერძო სკოლის ხელმძღვანელობა კი, რომელმაც ყოფილი საჯარო სკოლის მოწესრიგებული შენობა-ნაგებობა ჩაიბარა მოსწავლეთა კონტინგენტით და აქვს ვალდებულება – გადასახადები „მასპინძელ“ მოსწავლეებს არ შეეხოს, რადგან სამინისტროდან ამ მოსწავლეთათვის კუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამებით უზრუნველყოფისა და სკოლაში სწავლებისათვის ნორმალური პირობების შექმნაზე გათვლილი ვაუჩერების თანხა ერიცხება, თითოეულ მოსწავლეს გათბობის საფასურის გადახდას სთხოვს მთელი სეზონის განმავლობაში (?!).
ხომ არ აჯობებდა, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იხსენიებს, კომპიუტერიზებული კლასების გახსნამდე, რომლებიც „კოსმოსური ხომალდის მართვის კაბინას“ ჰგავს, გათბობისა და სკოლების ძველი შენობების შეკეთების პრობლემები გადაეწყვიტა?
P.S. როგორც ამ წუთებში„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან გვაცნობეს, საქართველოში მკვეთრი აცივების მიუხედავად, საჯარო სკოლებში გათბობის სისტემა არ ჩართულა. „თავისუფალი საქართველო“ დაინტერესდა „აღნიშნული ფაქტით და გადაამოწმა ინფორმაციის სიზუსტე № 33, №173, №116 და № 79 საჯარო სკოლებში. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები გაყინულ კაბინეტებში ქურთუკებით სხედან. სკოლების ადმინისტრაცია კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანებას ელოდება, რათა გათბობის სისტემა აამუშაოს“.
მანამდე კი მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებში სხედან ქურთუკებსა და პალტოებში, სწორედ ისე, როგორც კოსმონავტები სკაფანდრებში.