პოლიტიკა
ივანიშვილი ბურჯანაძესთანაც ითანამშრომლებს

nino-biZinaთბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. 2011 წლის 5 ნოემბერს გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბიზნესმენი ინტერვიუში იმ პოლიტიკოსებზეც საუბრობს, რომლებთანაც მომავალში ითანამშრომლებს. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ერთ-ერთი მათგანი „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნება. ივანიშვილის თქმით, „განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება მის პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც მათ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, ის კი ამას გამორიცხავს“.

„კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან. ბურჯანაძეს კარგი საპარლამენტო და მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს. მინდა, შევახსენო სააკაშვილის მთავრობის წევრებს და მათ გარემოცვას: არ მოვდივარ მათ დასამარცხებლად, პირიქით, ვეცდები, ყველა პროფესიონალი, რომლებიც სააკაშვილის მთავრობაში არიან, გამოვიყენო. მათ რიცხვში უნდა განვიხილო ნინო ბურჯანაძეც. ლაპარაკს, რომ ვიღაც სადღაც იდგა, ჩვენი გუნდი არ აპირებს. ჩვენ ყველა ქართველის გამოყენება უნდა შევძლოთ. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ქართველები“, – აცხადებს ივანიშვილი.