აქტუალური
წლიური ინფლაცია ოქტომბერში 2,3%-მდე შემცირდა

inflacia-wliuriთბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, 2011 წლის ოქტომბერში, 2010 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2,3 პროცენტი შეადგინა. სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.6 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს წლიურმა ინფლაციამ კლება ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მაისში მისმა მაჩვენებელმა 14.3 პროცენტს მიაღწია.

საწვავისა და ტრანსპორტის ფასები წლიური ინფლაციის განმსაზღვრელი მიმართულებები იყო ოქტომბერში, როდესაც სატრანსპორტო მომსახურების ფასები –  24.3 პროცენტით, ხოლო საწვავის ღირებულება 14.1პროცენტით გაიზარდა.

საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდამ ოქტომბერში 1.5 პროცენტი  შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5.8 პროცენტი იყო. ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ხორცზე (21.8 პროცენტი); შაქარზე (10 პროცენტი) და ზეთსა და ცხიმზე (6.7 პროცენტი).

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით  7.25 პროცენტამდე შეამცირა, განაცხადა რა, რომ წლიური ინფლაციის დონე დაგეგმილზე ნაკლები იყო და მისი შემდგომი კლება მოსალოდნელია.