აქტუალური
ნანა გულუა: „მინდია მეხმარება მხოლოდ როგორც ძმა“

nana-guluaთბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.

როგორც ყრილობის ორგანიზატორები აცხადებენ, პარტიის მთავარი მიმართულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იქნება. სოციალურ-ეკონომიკურ პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური გარემოსა და  დასაქმებისა და შრომითი პირობების შექმნა, მასშტაბური სიღარიბისა და უმუშევრობის აღმოფხვრა.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ნანა გულუა აირჩიეს. არჩეულ იქნა პარტიის გამგეობა, რომლის შემადგენლობაში არიან: ნანა გულუა, ჯემალ ანთიძე, აპოლონ პაჭკორია, ლევან გვარლიანი, ირაკლი ქარდავა და გიორგი ვანიშვილი.

„საქართველოს სიყვარულით ვიწყებ ამ ბრძოლას, ვისაც არ ეშინია და ვისაც ჩემსავით და ჩემზე მეტად უყვარს საქართველო, იმედი მაქვს, გვერდით დამიდგება. მხოლოდ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა საქართველოს ვერ გადაარჩენს“, – აცხადებს გულუა.

გავრცელებული ინფორმაციით, „განახლებულ საქართველოს“ დააფინანსებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუა.

ყრილობაზე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო მოწვეული, თუმცა ცნობადი სახეებიდან ფილარმონიაში ჯერ მხოლოდ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე და „სახალხო კრების“ დარბაზის წევრი გურამ ფირცხალავა გამოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოებას მსახიობი დიმა ჯაიანი და პოეტი ერეკლე საღლიანი მიესალმნენ.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე „წმიდა გიორგის სადროშოს“ დამფუძნებელი, მამა ელიზბარი იმყოფება.

ყრილობა ქართულ ჩოხაში ჩაცმულმა პატარა მედოლეებმა გახსნეს, რის შემდეგაც დიდ ეკრანზე სოხუმის დაცემისა და 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები გავიდა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ყრილობაზე პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოს“ წესდება და სიმბოლიკა დამტკიცდა, აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, სარევიზიო კომისია და აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის წევრები.