სამართალი
პოლიციელის სკანდალური საქმე დასკვნით ფაზაში გადადის

court_systemზუგდიდი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ზედაეწერის პოლიციის ყოფილი უფროსის – ლაშა ექონიას, საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად პროკურორმა ლევან ფიფიამ ერთი კვირა ითხოვა. სკანდალურ საქმეზე უკვე დაკითხეს 8 მოწმე, მათგან ერთ-ერთი – გუშინდელ პროცესზე – შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი რამაზ მაჩაიძე. მოწმემ სასამართლოს მიმდინარე წლის 25 ივნისს პოლიციელ ექონიას პირადი ნომრიდან გასულ ზარებსა და ანძების მიხედვით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ინფორმაცია მიაწოდა. „ჯეოსელის“ თანამშრომლის დაკითხვით სასამართლომ მოწმეების დაკითხვა დაასრულა.

როგორც ცნობილია, ზედაეწერის პოლიციის ყოფილ უფროსს ბრალად ეჭვიანობის ნიადაგზე მოქალაქე ალექსანდრე სართანიას ჯგუფურად ცემა და მისი სიკვდილის პირამდე მიყვანა ედება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექონიას თავისუფლების 9-დან 15 წლამდე აღკვეთა ელის. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 პრიმა მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული.

ექონიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გაიმართება.