თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია არძელებს ექსპორტის რუსეთის ბაზარზე აღდგენისთვის საჭირო პოლიტიკურ და სამართლებრივ მოქმედებებს. კერძოდ,
„1. როგორც ცნობილია, „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივით დაიწყო ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა რუსეთის ბაზარზე. 19 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა მორიგი შეხვედრა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელებთან, სადაც ქართულ მხარეს უკვე კონკრეტული კომპანიები წარმოადგენდნენ (რომელთაც ამ ეტაპზე, მათივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ).
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული პროდუქტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები. პროცესი, თავისთავად ცხადია, ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ქართული კომპანიისთვის.2. ბოლო თვეების განმავლობაში რეალურად გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობა (90%-ზე მეტი) მხარს უჭერს ჩვენს ინიციატივას და რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. პროამერიკულმა პარტიებმა, რომლებიც თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას, მოგვიანებით აღიარეს, რომ რუსეთის ბაზარი აუცილებელია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.
3. რუსეთის ბაზრის აუცილებლობა ირიბად აღიარა სააკაშვილის რეჟიმმაც. სწორედ რთველის ჩავარდნა გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაყენებისა და „სამტრესტის“ რეორგანიზაციის ოფიციალური მიზეზი.
სამწუხაროდ, ხელისუფლება ბოლომდე მაინც არ აღიარებს დაშვებულ შეცდომებს. არადა, მინისტრებისა და სხვა ჩინოვნიკების გამოცვლა შედეგებს ეკონომიკას ვერ მოუტანს, მთავარია კურსის და არა კადრების შეცვლა.
სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას, გამართოს კონსულტაციები „თავისუფალ საქართველოსთან“ და შევახსენებთ მასაც და საზოგადოებასაც, რომ ამ პროექტის წარმატებაზე დამოკიდებულია დაახლოებით 0,5 მილიონი ადამიანის დასაქმება საქართველოში.
4. დაბოლოს, რაც შეეხება ფარსს, რომელიც ხელისუფლებამ და მისმა მართულმა ტელევიზიებმა დადგეს მსო-ს შესახებ: თავიდანვე ნათელი იყო, რომ სააკაშვილი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ აპირებდა საქართველოს წინაპირობების მოხსნას რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე (ეს ინფორმაცია 6 ივნისს გაავრცელა „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურმა), თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა კაპიტულაციის სახე მიიღო:
საქართველომ მოხსნა ყველა წინაპირობა, ხოლო ე.წ. ელექტრონული ინფორმაციების გაცვლა სრული ბლეფია და, პრაქტიკულად, იმავე ინფორმაციების მოპოვება ინტერნეტის საშუალებით ღია წყაროებიდან შეიძლება.
მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებების პროცესში არ წამოაყენა ის რეალური მოთხოვნა, რაც საქართველოსთვის იყო მნიშვნელოვანი: სავაჭრო შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნა ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე.
„თავისუფალი საქართველო“ გაარძელებს ექსპორტის რუსეთის ბაზარზე აღდგენისთვის საჭირო პოლიტიკურ და სამართლებრივ მოქმედებებს და შედეგებს რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას“.