პოლიტიკა
WTO: შეთანხმება შედგა

WTO_russia_flagთბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ რუსული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა „ინტერფაქსს“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების პროექტი უკვე არსებობს, გადამწყვეტი კი ამ მხრივ 2 ნოემბერს გამართული კონსულტაციები იყო.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო მხარს უჭერს პროექტს და შეთანხმება მიღწეულია“, – განაცხადა მედვედკოვმა. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტი „ეფუძნება მათ მიერ შეთავაზებულ კონცეფციას და რუსეთის პოზიციას არ ეწინააღმდეგება“.

„პროექტი შეესაბამება რეგიონში არსებულ რეალობას და არ ეწინააღმდეგება მსო-ს წესებს“, – განაცხადა მედვედკოვმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი სავაჭრო აუდიტის მხოლოდ დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოებას ითვალისწინებს.

საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხზე ფუნდამენტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ამის სანაცვლოდ გარკვეულ ეკონომიკურ წინაპირობებს აყენებდა.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა.

ქართული მხარის განმარტებით, ეს არის კომპრომისული შემოთავაზება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა. მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. მიღწეულია შეთანხმებაც ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია გაიცვლება.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბრისთვის არის დანიშნული. მსო-ში რუსეთის გაწევრების საკითხს 153 ქვეყნის წარმომადგენლები მინისტერიალზე 15 დეკემბერს განიხილავენ.