საზოგადოება
პროექტი „არჩევანი შენზეა“ იწყება

arcevaniთბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ  და საქართველოში აივ პრევენციის დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა პროექტის – „არჩევანი შენზეა“ – დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ახალი პროექტი „საქართველოში აივ პრევენციის პროექტის“ ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ ახორციელებს.

პროექტი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის და ითვალისწინებს მათ ჩართვას სხვადასხვა  სახის ინტერნეტკონკურსებში (ეროვნული კონკურსი „გააკეთე სწორი არჩევანი!“, სლოგანების კონკურსი, ფოტოკონკურსი) და აქტივობებში (მოკლე თეატრალური წარმოდგენების კონკურსი და შიდსთან  ბრძოლის მსოფლიო დღისადმი  მიძღვნილი  მარათონი).

კონკურსების მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების  (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ; მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების დახვეწა და განვითარება.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.geoyouth.ge  და გაეცნონ თითოეულ კონკურსში მონაწილეობის წესებს.

კონკურსებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით. სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ სკოლების დირექტორებს და  აქტიურ მასწავლებლებს.  მარათონი და კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2011 წლის 10  დეკემბერს კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“.