თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, ქრისტიან-დემოკრატი ზაზა გაბუნია მერიის პროექტს – „1000 ახალი ჯიხური“ – დადებითად აფასებს და შუამდგომლობით მიმართავს ქალაქის მერიას, პრესის გამომცემელთა და გამავრცელებლებისათვის დაშვებულ იქნეს გარკვეული შეღავათები.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიან-დემოკარტები უახლოეს დღეებში ფრაქციის გაფართოებულ სხდომას გამართავენ, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, პრესის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს მიიწვევენ.
ქრისტიან-დემოკრატების ცნობით, პროექტის ფარგლებში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 4 ნოემბერია, ხოლო პირველი აუქციონი 7 ნოემბერს გლდანის, თემქის, მუხიანის, დიდი დიღმის, ავლაბრის, ვაზისუბნის, სოფელ შინდისის, ფონიჭალის დასახლებებისა და ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, გორგასლის, ცოტნე დადიანის, ლიბანის, ლომთათიძის, ბელიაშვილის, აჭარის, პეტრიწის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე განსათავსებელი ჯიხურებისათვის გაიმართება.
აუქციონში გამარჯვებულს ჯიხური მფლობელობაში 5 წლით გადაეცემა.