თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკეთესი მომავლის იმედი და შანსი გაჩნდა.
ამასთან, ბიზნესმენი განსაკუთრებულად მიმართავს საქმიან ადამიანებს და მათ სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებას სთხოვს. „ბიძინა ივანიშვილს, ქველმოქმედ ადამიანს, წაართვეს უფლება, იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც უამრავი სიკეთე გაუკეთებია. მე, როგორც ბიზნესში გათვითცნობიერებული ადამიანი, ვაცხადებ, რომ ის ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია. ბიზნესში ასეთი წარმატების მიღწევა კი გონიერების, პროფესიონალიზმისა და სანდოობის გარეშე შეუძლებელია, რაც ასე ჭირს დღევანდელ ხელისუფლებაში“, – აცხადებს ხალვაში.
მიმართვის დასასრულ ბიზნესმენი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილისადმი და გამოთქვამს მზადყოფნას, შეძლებისდაგვარად თავადაც შეიტანოს წვლილი საერთო საქმეში.