აქტუალური
ლექსო ლეკიაშვილის სკანდალური ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

prezidგამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო!

პირველ რიგში, მინდა, განგიმარტო, რატომ გელაპარაკები შენობით - ქართველ კაცს ორი სალოცავი ჰყავდა მუდამ: მეფე და ღმერთი, და ორივეს შენობით მიმართავდა. შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არცერთ მათგანზე მეტად არ მიმაჩნიხარ და შესაბამისად, არცერთ მათგანზე მეტად საპატივცემულოდ არ მოგმართავ.
გწერ მზიანი ქიზიყიდან. კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონიდან.
თუ არ გახსოვს, რომელია დედოფლისწყაროს რაიონი, ვეცდები, გაგახსენო: ეს ისაა, რომლის არსებობაც რუსებს შენზე და შენი გუნდის წევრებზე ადრე გაახსენდათ და 2008 წლის აგვისტოში დაბომბეს.
კიდევ რომელია, იცი? მხოლოდ მაშინ რომ ახსენდებათ შენს ტელევიზიებს, თუ ბავშვს გველი უკბენს, ან თუ ცოლი ქმარს ნაჯახით აკუწავს. აბა, კიდევ რითი გაგახსენო? აი, შენ რომ სიღნაღი გაარემონტე და ააღორძინე, ხომ გახსოვს? სიყვარულის ქალაქი რომ უწოდე, რომლის შენობების რესტავრირებული სახურავები საეჭვოდ წააგავს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას შენობების სახურავებს, ხომ გაგახსენდა? ტურისტულ ცენტრად რომ აქციე და ღვინის ფესტივალს რომ მართავ ხოლმე უცხოელებისთვის, სასტუმროები რომ გაიხსნა და 24-საათიანი უწყვეტი ელექტროენერგია რომ მიეწოდება - აი, მაგ სიღნაღის გვერდით მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონი, რომელშიც მე ვზივარ ახლა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა რადისტის სიჩქარით ვკრეფ ამ ტექსტს, იმიტომ, რომ შუქი როდის ჩამიქრება, არ ვიცი!
ჰო, ბატონო პრეზიდენტო, შეხვედრებზე ხალხის წრეში აბდუშაჰილივით რომ დადიხარ ხოლმე: შევარდნაძის დროს სიბნელე იყო და მე გავანათე საქართველოო - დედოფლისწყაროში ახლაც სიბნელეა, ბატონო პრეზიდენტო! დღე არ გავა, რომ შუქი არ ჩაქრეს, წყალი არ შეწყდეს და ძალიანაც რომ დაგაინტერესოს, პასუხის გამცემიც არავინაა, თუ რატომ ხდება ეს.
სჯობს, ახლა თემა შევცვალო, თორემ შენი მაქებარ-მაძაგებლების ამბავი რომ ვიცი (ერთი ყაიდისანი არიან ორივენი და იმიტომ დავწერე ერთად), პროვინციელობას დამაბრალებენ და თუ გაიგეს, რომ ინგლისურზე უკეთ რუსული ვიცი, არც სიტყვა „მეინსტრიმის“ მნიშვნელობა მესმის და არც თბილისში ვარ დაბადებული, შესაძლოა, ქსენოფობია და რუსეთის აგენტობაც კი დამწამონ (ასე იციან ხოლმე შენმა მტრებმაცა და მოყვარეებმაც - სხვას რომ ვერაფერს უპოვნიან ადამიანს საშაროს, ქსენოფობიასა და რუსეთის აგენტობას აბრალებენ ხოლმე).

გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო!

დავიწყოთ იმით, რომ მადლობა მინდა, გადაგიხადო.
მადლობა იმიტომ კი არა, რომ სიღნაღი გაარემონტე, ან ბათუმი დაამშვენე, ან ქუთაისი ააყვავე.
არც იმიტომ, რომ კრიმინალი შეამცირე, ან ბიზნესი გაამარტივე, ან კორუფციას ებრძვი.
მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დაგვანახე, რა ნაგავი სუფევს ჩვენს გარშემო!
შენმა მმართველობამ გამოავლინა და დღის შუქზე გამოიყვანა ხალხი, რომლის ნდობაც, თურმე, არ შეიძლება. ხალხი, რომელთა მოღრეცილ ტვინებშიც „მოდელირებული ქრონიკის“ იდეა ჩაისახა, სცენარი დაიწერა და განხორციელდა - მათი გამოაშკარავებისთვის - გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო!
შენს მიერ დასაქმებული, ყლინჯდამშვენებული (ჰალსტუხს ნიშნავს ქართულად) და ჯიპოსანი პიროვნებების გვერდით უფრო კარგად ვჩანვართ სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს ქვემოთ მყოფი არსებები, რომელთაც პიროვნებებად აღარავინ აღგვიქვამს. იმიტომ კი არა, რომ ქმედუუნარონი ვართ - არა, უბრალოდ ინგლისური არ ვიცით ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ!
შენს მიერ გალამაზებული ქალაქების ფონზე უფრო კარგად ჩანს ჩამონგრეული, დაძონძილი და გაუბედურებული ქალაქები, რომელთაც შენი ყოვლისმხილველი მზერა ჯერ არ მიპყრობია, და თუ კონსტიტუციას დავუჯერებთ, ვეღარც უნდა მიაპყრო, იმიტომ რომ შენი წასვლის დრო ახლოვდება.
სანამ წასვლის დროზე გეტყოდე ორიოდ სიტყვას, მინდა გაგახსენო, რომ შენს მიერ გაკეთებულ გზებზე ისევ ის გასაცოდავებული, დაბეჩავებული და ღირსებააყრილი ხალხი დადის, რომელიც მანამდე დანგრეულ გზებზე დადიოდა. ისევ იმ ექსპლუატაციისვადაგასული, ევროპელების გამონაცვალი მანქანებითა და გაძვირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომლითაც მანამდე დადიოდა.
მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - ეს ხალხი არსად მიდის, ბატონო პრეზიდენტო! არ მიდის არა იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვს, ან საზღვარგარეთ ვერ მიდის - არა, უბრალოდ არსად მიდის, იმიტომ, რომ შენს მიერ დაგებული არცერთი გზა სამსახურამდე არ მიდის, ბატონო პრეზიდენტო!
გზა რომ კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ გზის ფუნქცია ერთადერთია - მან ადამიანი სადმე უნდა მიიყვანოს. ჩვენთვის კი ეს „სადღაც“ დიდი ხანია, არსადაა! მეგობრებთან ვერ მივდივართ - არ გვინდა ხელცარიელი მისვლა, სამსახურში ვერ მივდივართ - არ გვაქვს, ნათესავებთან ვერ მივდივართ - უფულო და უსამსახურო ნათესავს კი არა, ოჯახის წევრებს აღარ ვჭირდებით - და ვდგავართ ასე, შენს მიერ გაკეთებული, განათებული და გალამაზებული გზის პირას და ხელის გაწვდენა გვაკლია მათხოვრობამდე (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).

რატომ, ბატონო პრეზიდენტო?

ახლა კი მცირე ინფორმაციას ჩემს შესახებაც მოგაწვდი - მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ძალიან ბევრ გაზეთსა და ჟურნალში მიმუშავია, იყო დრო, როცა ჩემი ჰონორარით თავსაც ვინახავდი, ბინის ქირასაც ვიხდიდი და ცოტა-ცოტა გართობისთვისაც მრჩებოდა.
მაგრამ ის ძველი დრო იყო, ჩაბნელებული ქუჩებითა და პრორუსული ორიენტაციით. მერე შენ მოხვედი, რეფორმები გაატარე, ჯერ პრესა გაათავისუფლე გადასახადებისგან, მერე ორმაგი დააკისრე, მერე რუსეთთან ომი წავაგეთ (მარტო შენ ხომ ვერ დაგაბრალებ, მაგ ომს შენ კი არა, ჟუკოვი, ერვინ რომელი და დავით აღმაშენებელიც ვერ მოიგებდა), ყველაფრის ფასი ჯეკ-პოტივით გაიზარდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, გეგონება ეს ყველაფერი არ კმაროდა, შენც ინგლისურის ცოდნა სავალდებულო გახადე და აი, მანდ გავიჭედე - არცერთ გაზეთში აღარ იხდიან იმდენს, რომ მუშაობად ღირდეს.
კი, ვიცი, მეტყვი - ხალხი ხომ მუშაობს პრესაში, აბა, იმათ როგორ ჰყოფნითო?
გიპასუხებ: ისინი (ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა) თბილისში საკუთარ ბინებს ფლობენ, ან ალტერნატიული შემოსავალი აქვთ. მე ყველაფერთან ერთად ბინის ქირაც უნდა გადავიხადო, კომუნალური გადასახადებიც (ის გადასახადები, შენი გუნდის წევრებმა ელექტროენერგიას დასუფთავება რომ მიამატეს), ოჯახიც უნდა შევინახო და სამსახურშიც ვიარო.
ახლა ბლოგერი მქვია, ორ ინტერნეტგაზეთში ვწერ ყოველკვირეულ ბლოგპოსტებს და თითოში 30 ლარს მიხდიან. სულ რომ თავი გავიგიჟო, კვირაში 90 ლარზე მეტს ვერ გამოვიმუშავებ.
ანუ, რეალურად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტს მამცნობენ შენი ტელევიზიები, რომ ქვეყანა წინ მიდის, ჩემი საქმე უფრო უკან-უკან მიდის. რაც უფრო მეტი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოდის საქართველოში, მით უფრო ნაკლები მაქვს შემოსავალი - რატომ, ბატონო პრეზიდენტო? რისი ბრალია, შეგიძლია, მიპასუხო?
მარტო მე რომ ვიყო ამ დღეში, ამ წერილსაც არ დავწერდი, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ყოფაში ჩემს გარდა ათასობით ადამიანია.
იმედიც რომ აღარაფრისა მქონდეს, არც მაშინ დავწერდი ამ წერილს, იმიტომ, რომ აზრი არ ექნებოდა. მაგრამ ამ ოხერ გულში მაინც ბჟუტავს იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც ყველა ქართველის გულში მოიპოვება, რომელსაც შენ წარმატებით აგროვებ ხოლმე, შემდეგ მისგან დიდ კოცონს აგიზგიზებ და შემდეგ ამ კოცონზე შენ და შენი გარემოცვა ითბობთ ხოლმე ხელებს.
არ მითხრა ახლა, მე რა შუაში ვარო - შენ ხარ შუაში, ბატონო პრეზიდენტო, სწორედ! შენ ხარ გარანტი, რომ ეს მარაზმი, რომელშიც ახლა მე და ჩემნაირები ვცხოვრობთ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
შენ ხარ სიმბოლო, რომ საქართველოში არც ცხოვრება იქნება ოდესმე საყოველთაოდ შესაძლებელი და ვერც იმდენ ფულს ვიშოვი ოდესმე, რომ აქედან სადმე წავიდე. ამიტომაც, უმორჩილესად გთხოვ,

ჩამრეცხე, ბატონო პრეზიდენტო!

ჩამრეცხე, იმიტომ, რომ ინგლისური არ ვიცი, არც საშუალება მაქვს, ვისწავლო და არც თბილისელი ვარ, რომ ქალაქის მერის ინიციატივით უფასოდ მასწავლოს ვინმემ.
ჩამრეცხე, იმიტომ, რომ არ მჯერა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისა!
იმიტომ კი არა, რომ შენი შესაძლებლობების არ მჯერა.
არც იმიტომ, რომ ამქვეყნად აღარაფრისა მჯერა, მას შემდეგ, რაც პირველი შვილისთვის პირველი სათამაშოს საყიდლად დაგროვილი კაპიკებით მეუღლეს წამალი ვუყიდე.
უბრალოდ იმიტომ, რომ არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის ხელისუფლებასაც შოთა მალაშხია წარმოადგენს, საპარლამენტო ოპოზიციას - პაატა დავითაია, ხოლო არასაპარლამენტოს - კოკა გუნცაძე.

არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის პარლამენტშიც დეპუტატი, თუნდაც აკაკი ბობოხიძე ფიზიკურად უსწორდება ოპოზიციონერს, თუნდაც პეტრე მამრაძეს, და რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, თუნდაც დავით ბაქრაძე არანაირ სანქციას არ აკისრებს - ნაციონალია და იმიტომ.
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის ტელეეკრანზეც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერის, თუნდაც ვლადიმერ პუტინის საქციელზე კომენტარს სვიმონ მასხარაშვილი აკეთებს.

შენ წარმოიდგინე, ვხვდები ამის მიზეზსაც. მახსოვს, რომ მტრის დამცირების მიზნით თამარ მეფემაც გაცვალა რუქნ-ად-დინის დატყვევებული სარდალი ჯორის ნალში, მაგრამ, მინდა გაგახსენო, რომ თამარს ამ დროს შამქორი და ბასიანი ჰქონდა მოგებული, ბატონო პრეზიდენტო!
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, სადაც შენი ტელევიზიის ეთერში გამოდის მიმლოცველთაგან ერთ-ერთი ყმაწვილი (გიგი უგულავა რომ ქალაქის მერი გახდა, რიგში რომ იდგნენ მისალოცად, იმ მიმლოცველებს ვგულისხმობ), კერძოდ, სტეფანე მღებრიშვილი და მეუბნება, რომ თურმე ჩემი სიღარიბისა და წარუმატებლობის მიზეზი „უგულაობა“ ანუ გულაობის ნაკლებობა ყოფილა - გულაობაც კარგი ვიცი და ფიზიკურ შესაძლებლობებსაც არ ვუჩივი, „სტიოპამ“ იქნებ ისიც მითხრას, თვითონ რომ მიმლოცველია და მოზრდილ ულუფასაც იღებს საერთო ჯამიდან, მე რა ვქნა, რომელიც ფაქტობრივად უმუშევარი ვარ და ყოველდღიურად სარჩოს ძებნა მიწევს - როგორ ვიგულაო? მეც მიმლოცველი გავხდე?
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის სიგრძეც ერთი ბოლოდან მეორემდე 500 კილომეტრს არ აღემატება და რომლის ერთ ბოლოშიც დედოფლისწყაროა, ხოლო მეორეში - ბათუმი. ნუღარ ამახსნევინებ, უკვე დავწერე, რატომაც.
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, სადაც ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქს“ უწოდებენ, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - „ქართველ პოლიტიკოსს“.
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, სადაც „მოდელირებული ქრონიკა“ კეთდება, სადაც დევნილების რაოდენობა ფეხბურთის ფანების რაოდენობაზე მეტია, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, ხოლო საზღვარგარეთ წასვლა - თითქმის შეუძლებელი, სადაც ნაგვის გადასახადს დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით იხდიან, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, სადაც უმუშევრობაა გამეფებული, ხალხი კი მაინცდამაინც ბურჯანაძის, ან გაჩეჩილაძეების, ან კიდევ ვინმეს დაძახებას ელოდება, რომ ქუჩაში გამოვიდეს და კუდით ქვა ასროლინოს ასეთ ხელისუფლებას!
ჩამრეცხე, ბატონო პრეზიდენტო, იმიტომ, რომ შენთან ერთად არაფრის ცვლილების პერსპექტივა არ არსებობს, შენი ცვლილების პერსპექტივა კი - უფრო ბუნდოვანია.
ჩამრეცხე, იმიტომ, რომ , როგორც ამბობენ ხოლმე - იქ მკვდრებს ვაკლივარ და აქ ცოცხლებს! შენს მიერ ჩარეცხილებმა სხვაგან მაინც იპოვეს გასაქცევი და საარსებო წყარო, ჩემგან განსხვავებით.

მშვიდობით, ბატონო პრეზიდენტო!

შენი წასვლის დრო ახლოვდება-მეთქი, ზემოთ დავწერე.
არ გეგონოს, ბატონო პრეზიდენტო, რომ შენს დამხობასა და გადაგდებას ვგულისხმობდე - მე, თუ რამე შემიძლია, ან თუ მომავალში შემეძლება რამე, პირადად მე ვიქნები პირველი წინააღმდეგი შენი ვადაზე ადრე და არაკონსტიტუციური მეთოდებით წასვლისა!
შენ, შენს წინამორბედთაგან განსხვავებით, არ გექნება საშუალება, რომ თავი იმართლო: არ მაცადეთ, თორემ ყველაფერს გავაკეთებდიო.
არც წამებულისა და მსხვერპლის გვირგვინს გარგუნებს ვინმე - შენ შენი მეორე ვადა უნდა დაასრულო.
აღარ მინდა რევოლუცია და ქუჩის აქციები! მინდა, საქართველოში ოდესმე დადგეს დრო, როცა კარიერის გაკეთებისთვის, საკუთარი თავის რეალიზებისათვის, ფულის შოვნისა და ოჯახის შენახვისათვის პარტიული კუთვნილება და ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება კი არა, პროფესიონალიზმი და მონდომება იქნება საჭირო! პოსტრევოლუციურ ქვეყანაში კი ეს შეუძლებელია.

ყველაფრის მიუხედავად, პატივისცემით
ლექსო ლეკიაშვილი

http://qiziki.blogspot.com/2011/10/blog-post_6312.html#more