აქტუალური
ვიქტორ დოლიძე: „დღეს საკრებულოს თავზე წითელი დროშა ფრიალებს“

sakrebulo4თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით 28 ოქტომბერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ 28 ოქტომბრის სხდომაზე 36 ხმით ერთხმად მიიღო, მიზეზად კი მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა დასახელდა.

„ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში იყო  გამოტანილი. ამ ადამიანებმა ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები. აბსოლუტურად მოწყვეტილნი იყვნენ თბილისის რეალობას და კონკრეტული თანამდებობები  პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად ჰქონდათ გამოყენებული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ უნდა იყოს დაკავებული ქალაქში ნაგვის დაყრით, რაც მის ბოლო აქციაში გამოიხატა. დღეს არ მოხდა მათი მოხსნა. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული გადაადგილება. აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ, ვერ შედგა ჩვენი თანამშრომლობა. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ კოლეგიალობის თვალსაზრისით, ჩვენ შორის გარკვეული თანამშრომლობა კიდევ შედგება“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

დოლიძემ და აბაშიძემ თანამდებობებიდან გადაყენება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს და  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„რაც დღეს ხდება, ამას გასული საუკუნის 20-30-იან წლებში მხოლოდ ბოლშევიკები აკეთებდნენ. ჩვენ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. განსხვავებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მე და ვიქტორ დოლიძე ათასობით ადამიანს ვხვდებოდით და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მათთვის არაერთი პრობლემა გადაგვიწყვეტია.

ჩვენ ამიერიდან საკრებულოს რიგით წევრებად გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„დღეს საკრებულოს თავზე წითელი დროშა ფრიალებს. მე მინდა, შევპირდე ქართველ საზოგადოებას, რომ ჩვენ ორმაგი, სამმაგი და ათმაგი ძალით გავაგრძელებთ საქმის კეთებას. თუმცა, სამწუხაროდ, აღარ მექნება ის ბერკეტი, რომელიც მოქალაქეების დახმარების საშუალებას მაძლევდა. მე გპირდებით, რომ ეს წითელი დროშა, რომელიც დღეს საკრებულოს თავზე ფრიალებს, ერთი წლის მერე ჩამოიხსნება“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

მოგვიანებით სხდომა თითქმის ყველა ოპოზიციონერმა წევრმაც დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ ვერ მოისმინეს ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ აბაშიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების დასაბუთებული არგუმენტები.

როგორც უმრავლესობა აცხადებს, ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს, დღეს კი მათ თემის პოლიტიზება მოახდინეს.

„მას შემდეგ, რაც 2008 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოში სრული უმრავლესობით მოვიდა, გადაწყდა, რომ კონკრეტული დონის მაღალი თანამდებობები იმ პოლიტიკური ძალებისთვის შეგვეთავაზებინა, რომლებმაც ამის სურვილი გამოთქვეს. ასეთი პოლიტიკური ძალა გახლდათ „თავისუფალი დემოკრატები“ და მათი ორი წარმომადგენელი – ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე. სწორედ ამ ორ პიროვნებას შევთავაზეთ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობები. საკრებულოს არჩევიდან უკვე წელიწადი და 4 თვე გავიდა და ამ ხნის მანძილზე ჩვენ მხოლოდ მათ მიერ გადადგმული  პოლიტიკური, პოპულისტური და გაურკვეველი მიმართულების პოლიტიკურ-ამბიციური ნაბიჯები დავინახეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობები მხოლოდ თბილისელებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად უნდა იყოს გამოყენებული და არა იმ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს კოლეგებს აღმოაჩნდათ“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მამუკა ახვლედიანმა.

როგორც უმრავლესობის წევრმა კოკი იონათამიშვილმა აღნიშნა, ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლოძის მუშაობა საკრებულოში არაეფექტური იყო.

„საკითხი ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გამოიტანა. მიუხედავად ჩვენი კორექტულობისა, ამ ადამიანებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მტკივნეულად მიიღეს. მოგეხსენებათ, ახალი საკრებულო დაახლოებით წელიწად-ნახევარია ფუნქციონერებს. უმრავლესობის პოლიტიკური ნებით, ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადილედ დაინიშნა, ხოლო ვიქტორ დოლიძემ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახდა, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ მათ, სამწუხაროდ, დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვეს. ზურაბ აბაშიძე ხშირად აქტიურობდა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად მიტინგის ფორმას მიმართავდა, თუმცა მას, როგორც მაღალი თანამდებობის პირს, შეეძლო საკრებულოში დაებარებინა როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ისე სხვა მაღალჩინოსნები და საქმიანი შეხვედრები გაემართა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტშიც არ არის ნამყოფი. რაც შეეხება ვიქტორ დოლიძეს, მე მისი კომისიის წევრი გახლდით, თუმცა ბოლო დროს სხდომებს არ ვესწრებოდი, რადგან კომისიის მუშაობა ნაკლებეფექტური გახლდათ“, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

სხდომა დატოვა ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ თავმჯდომარემ, მემარჯვენე დავით საგანელიძემაც. ბიუროს სხდომა, ასევე, დატოვა ქრისტიან-დემოკრატმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სერიოზული არგუმენტი არ მოუსმენია.

ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხი  ფარული კენჭისყრით ჩატარდა.