აქტუალური
„Fashion week“ ლიცენზიის გარეშე

fashion-weekზუგდიდი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. 27 ოქტომბერს,18:30 საათზე, ანაკლიაში „Anaklia Fashion Week“ გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი რეგიონული განვითარების საერთაშორისო ცენტრია. ანაკლიის მოდის კვირეულზე სამეგრელო-ზემო სვანეთში მოღვაწე დიზაინერები მონაწილეობდნენ. კვირეულმა საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და უკრაინიდან მოწვეულმა დიზაინერებმა დახურეს.

ანაკლიის მოდის კვირეული სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების სპონსორობით ჩატარდა. კვირეულის ჩატარება მუნიციპალიტეტებს მთლიანობაში 30 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

„Anaklia Fashion Week“-ს მოდის კვირეულებისთვის აუცილებელი ლიცენზია არ ჰქონდა და საერთაშორისო სტანდარტები არ იყო დაცული, ამიტომ „Georgian Fashion Week“-ის დამფუძნებელმა მაკა მეტრეველმა განაცხადა, რომ „Anaklia Fashion Week“-თვის აჯობებდა, ფესტივალი დაერქმიათ.

ანაკლიის მოდის კვირეულის ჟიურის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას მეუღლე თამთა კობახიძე იყო. სწორედ კობახიძეს ეკუთვნის ანაკლიაში მოდის კვირეულის ჩატარების იდეა.