პოლიტიკა
დავით ჯალაღანია: „თბილისმა მოსკოვს უარის თქმის შესაძლებლობა არ დაუტოვა“

davit-jalaghaniaთბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველო-უკრაინის სამთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, „საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოქნილი პოზიცია გამოავლინა და რუსულ მხარეს ლოგიკური უარის თქმის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ დაუტოვა“.

„მოგეხსენებათ, რომ რუსული მხარე თავიდანვე არ იცავდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის იქნა მიღწეული, კერძოდ, მუშაობის პროცესში ზედმეტი აჟიოტაჟი და კომენტარები არ ყოფილიყო. იყო პერიოდი, როდესაც ლავროვი აცხადებდა, „რუსეთი მსო-ში შესვლას საქართველოს გარეშეც შეძლებსო“. რუსული მხარე იმასაც აცხადებდა, რომ სავაჭრო ორგანიზაცია სულ არ სჭირდება და მისი მსო-ში შესვლა ამერიკისა და ევროკავშირის ინტერესებში იყო. ახლა მათ არ იციან, რა ფორმით შეატყობინონ საკუთარ მოსახლეობას ის, რომ საქართველომ მისთვის პრინციპული კონსტიტუციური საკითხის მიმართ მაქსიმალურად მოქნილი პოზიცია დაიკავა და რუსულ მხარეს ლოგიკური უარის თქმის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ დაუტოვა. მოსკოვი ცდილობს, ეს ერთგვარ გამარჯვებად წარმოაჩინოს, თუმცა ჩვენი სურვილი და მიზანი ვინმეს გამარჯვება ან დამარცხება არ ყოფილა. აქ იყო მხოლოდ ერთი პრინციპი: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების კანდიდატი ქვეყანა ამ ორგანიზაციის წესებს პატივს უნდა სცემდეს“, – განაცხადა ჯალაღანიამ და დასძინა, რომ „თუ რუსეთს მსო-ში გაწევრება სურს, მისი პასუხი დადებითი იქნება, თუ არადა – უარყოფითი“.

რაც შეეხება საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ამაში იგულისხმება ტვირთბრუნვის აღრიცხვა და მონიტორინგი არა მხოლოდ ადგილზე მონიტორებისა და სპეციალისტების ყოლით, არამედ სატელიტური, ელექტრონული საშუალებებით, რაც დაკვირვების ხარისხის ეფექტიანობას და სისწრაფეს გაზრდის“.