რესპუბლიკური პარტიის წევრმა ზაქარია ქინქლაძემ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება 24 ოქტომბერს გაავრცელა. იმავე საღამოს მას სახლში იმ ფართის მეპატრონის შვილი ესტუმრა, სადაც ქინქლაძეების ოჯახს საკანცელარიო მაღაზია ჰქონდა განთავსებული. „ფართის მეპატრონის შვილი გია ქისიშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. ფართი იჯარით მაქვს აღებული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლამდე. მიუხედავად ამისა, 24 ოქტომბერს, საღამოს, გია ქისიშვილი ჩემთან სახლში მოვიდა და მაღაზიის დაცლა მომთხოვა. ვატყობდი, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ვუთხარი, შენს მდგომარეობაში შევდივარ და რადგან მაგათ უნდათ, რომ მე შემოსავლის გარეშე დამტოვონ და ამით შემაშინონ, მაღაზიას დავკეტავ, ალბათ, ამით დაკმაყოფილდებიან-მეთქი. მეორე დღეს, დილით, ქისიშვილი მაღაზიასთან დამხვდა და მითხრა, ფართი სასწრაფოდ დამეცალა. მაღაზიის დაცლაზე დავთანხმდი, რადგან ამას სხვა რაღაცებიც დაერთო. ჩემი შვილი ლევან ქინქლაძე, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში მუშაობდა და 24 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფებოდა, 25-ში, დილით, სამსახურში დაიბარეს, ყოველ 15 წუთში ურეკავდნენ. საკოორდინაციო ცენტრის უფროს ლევან ახალაურის მოადგილე თეონა ქალდანმა მას სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. მიზეზი კი არ უთხრეს. ჩემი მეუღლე ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს, მაგრამ დღეს სამსახურში აღარ წავიდა, ავად გახდა. იცის, რომ გაათავისუფლებენ“, – განუცხადა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ზაქარია ქინქლაძე არ გამორიცხავს მის ოჯახზე ზეწოლის სხვა ფორმით გაგრძელებასაც. ამიტომაც აპირებს, რეაგირებისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართოს.
„ერთხელ უკვე დამაპატიმრეს. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხეში 4 თვით გამომკეტეს იმ ბრალდებით, რომ თურმე ჩემ მიერ დაფუძნებული სამსახური 2 წელიწადში 130 ლარით ვაზარალე. პატიმრობაში ვიყავი, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმეღო. ახლა კიდევ რას გააკეთებენ, არ ვიცი. საფრთხე ჩემი ოჯახის წევრებსაც ემუქრებათ. არ არის გამორიცხული, მათ ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდონ“, – აღნიშნა ქინქლაძემ.