თბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ადასტურებს მზადყოფნას, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს პრესკონფერენცია, რომელსაც პოლიტიკაში წასული მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 1 ნოემბერს, 16 საათზე, გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ არ აპირებს თავის ეთერში ამ ღონისძიების ანონსირებას.
ეს განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ივანიშვილის პრესსამდივნომ, მისი თქმით, 24 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მოუწოდა მაუწყებელს, წერილობით დაედასტურებინა, რომ მზად არის, „მოახდინოს საკუთარი მაყურებლის ინფორმირება პრესკონფერენციის თარიღისა და მისი ხანგრძლივობის (30-40 წუთი) შესახებ“.„რაც შეეხება ივანიშვილის პრესსამსახურის პრეტენზიას, რომ თითქოს ბრიფინგის ანონსირება უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს ახდენს ცალკეული პირების ბრიფინგების ინდივიდუალურ სატელევიზიო ანონსირებას“, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ აღნიშნული „იწვევს ეჭვს, რომ ივანიშვილს თავად აღარ სურს პრესკონფერენციის ჩატარება და ამის საბაბად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს“.
ამ თემაზე გავრცელებულ ორივე განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს გაავრცელა, დადასტურებულია ივანიშვილის „მზაობა – შეხვდეს და უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს“ პირდაპირ ეთერში.