აქტუალური
თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ბათუმში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის ძალიან უკმაყოფილოა სამტრესტის მუშაობით, რის გამოც სამტრესტის ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე თანამდებობიდან დაითხოვა.
„როგორც ჩვენ გავდივართ ბაზრებზე, ეს არის ჭიანჭველას და კუს ნაბიჯები. საერთოდ აღარ უნდა ისმებოდეს კითხვა, გავალთ თუ არა თუნდაც რუსეთის ბაზარზე. მე მოლდოველებს ველაპარაკე. ისინი ვითომ შეუშვეს რუსეთის ბაზარზე, სინამდვილეში არაფერიც არ შეუშვეს და სიცოცხლე აქვთ გამწარებული. ვიღაც მანიაკ ონიშჩენკოზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, წავა თუ არა ჩვენი ღვინო სადმე, რადგან ჩვენი ღვინო არის ცოტა, მაგრამ ხარისხიანი და წარმოუდგენლად დიდი ბაზარია გასაღების, კარგად რომ ემუშავა სამტრეტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, მან სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრ ზაზა გოროზიას სამტრესტის ხელმძღვანელის პოსტზე საერთაშორისო კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სიტყვებსა და მის მიერ მანაგაძის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში აშკარად იგრძნობოდა პრეზიდენტის გაღიზიანება იმ გარემოებით, რომ ბაზარზე „ჭიანჭველას და კუს ნაბიჯებით“ გადის ქართული ღვინო, რომელიც ასე ძვირფასია. იგივე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინათ ამაყობდა კიდეც იმით, რომ ბაზარი დიდია და ღვინოც კარგად გადის ქვეყნიდან, რის გამოც რუსული „ფალსიფიცირებული“ და „ყაჩაღური“ ბაზარი საჭირო არ არის. თუმცა ხელსიუფლებამ საკუთარი თავი თვითონვე გაყიდა და აღიარა, რომ ღვინის ექსპორტში საქმე არცთუ ისე კარგად გვაქვს. მაგრამ სააკაშვილმა ეს სამტრესტის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელობას გადააბრალა, რომლის დათხოვნა საქმის გაფუჭებამდე შეეძლო, თუმცა ეს მაშინ გააკეთა, როცა დასჭირდა. ყველაზე სასაცილო კი, ალბათ, ისაა, რომ ამ ყველაფრით აღშფოთებულმა პრეზიდენტმა გენადი ონიშჩენკოს „მანიაკი“ უწოდა, თუმცა რატომ, გაუგებარია.