პოლიტიკა
ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპებს არ ცვლის

James-Appathurai-2თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.

მისი თქმით, არ იცვლება როგორც საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპები, ისე ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, ნატოს წარმომადგენლის განმარტებით, „მასზე განხილული იქნება როგორც თავდაცვის, ისე უსაფრთხოების საკითხები“. „მე გავმართავ შეხვედრებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მოსამზადებლად, საბჭოს წევრები მოუთმენლად ელიან ამ შეხვედრას. საბჭოს ვიზიტისას კი მსჯელობა იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე. მათ შორის, ვიმსჯელებთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე და ჩვენ გვინდა, რომ მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ამ როლისთვის, თუმცა გვსურს, უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად“, – განაცხადა აპატურაიმ.