სამართალი
საჯარიმო სანქციები ახალი სამარშრუტო ტაქსებისთვის

marshrut-kanoniთბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ხუთზე მეტი ფეხზემდგომი მგზავრის გადაყვანისთვის საჯარიმო სანქცია ელით.

როგორც  თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია „თბილლაინი“ გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სამარშრუტო ტაქსებში მძღოლებს ფეხზე 5 მგზავრზე მეტი არ დაეყენებინათ, თუმცა ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „პიკის საათებში“ დაშვებული ნორმა ირღვეოდა და ფეხზე 15-16 მგზავრი იდგა.

ჯოხაძის ცნობით, გუშინ კომპანია „თბილლაინი“ დაჯარიმდა იმის გამო, რომ № 135 და № 61 მარშრუტების მიკროავტობუსებში დასაშვებზე მეტი მგზავრი იდგა ფეხზე.

მძღოლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მიზეზით არა კომპანია, არამედ უშუალოდ ისინი დაჯარიმდნენ. ამის გამო გუშინ გარკვეული პერიოდით № 135 და № 61-ის მძღოლები გაიფიცნენ. ვითარების გასარკვევად მძღოლებმა აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრა ითხოვეს.

შეხვედრაზე ჯოხაძე მძღოლებს არსებული პრობლემების გარკვევას დაჰპირდა და განუმარტა, რომ მგზავრთა უსაფრთხოებისა და „თბილლაინთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, 180 სანტიმეტრის სიმაღლის სამარშრუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დგომა დაუშვებელია.

მძღოლების განცხადებით კი, მგზავრობის გაძვირების გამო მგზავრთა რაოდენობამ ისედაც იკლო და თუ მერიისა და „თბილლაინის“ მიერ რაიმე გამოსავალი არ მოიძებნება, მუშაობას აზრი აღარ ექნება და ისინი სამსახურებიდან წავლენ.