თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიოციონერ მაგნატ ბიძინა ივანიშვილს მის რუსულ პასპორტსა და „რუსულ პროექტობაზე“ საუბარი აღარ სურს. „დაანებეთ ამ თემას თავი. ეს თითიდან გამოწუწნულია – თუ როგორც არის ეს სიტყვა, რასაც ქართველი პოლიტიკოსები ასე ხშირად ხმარობენ“, – ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას. მის მიერ რუსული პასპორტის ჩაბარება „იმის საპირწონე ნაბიჯი ხომ არ არის, რომ ხელისუფლებამ ის „რუსულ პროექტად“ მონათლა?“
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ბიზნესმენის აზრით, „სააკაშვილმა ეს საკუთარი გუნდის დაშლის შიშით გააკეთა“. „მე მიხეილ სააკაშვილის ხასიათი ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ეს არის მისი უბედურება მხოლოდ და აუცილებლად სააკაშვილი იტყოდა – „ოღონდ ამ სიტუაციაში არაფერი მოხდეს და ოღონდ ეხლა გადავიტანოთო“. ასე ცხოვრობენ ესენი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მისთვის „პასპორტის შემთხვევა კოზირი იყო და ამით ხელისუფლებამ თავი ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდო“.
„აშკარად შეეშინდათ და შიშის საფუძველზე პასპორტი ჩამომართვეს და, რა თქმა უნდა, იმ სტრუქტურებს, ვისაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში გარევა ევალებოდა, არავინ შეეკითხა. სამმა თუ ოთხმა კაცმა, როგორც მათი წესია, ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ თუ მე ამ გზით არჩევნებიდან გამთიშავენ, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება და ამის განცდა მათ ტყუილად აქვთ“, – დასძინა ივანიშვილმა.