თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მათი განმარტებით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით. სამინისტროების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისას სამინისტრო გაითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (GRECO, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ინიცირდება დამატებითი რეგულაციები, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის 2011 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ დებულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მუხლობრივი ფორმულირებები, შესაბამისად, რთულია სამართლებრივი ანალიზის გაკეთება.„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემაში არსებული პრობლემები გასული (2008 და 2010 წლის) არჩევნების პერიოდშიც მწვავედ ისმებოდა, GRECO-ს რეკომენდაციები კი ჯერ კიდევ 2011 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა, მმართველი გუნდის მიერ მათი გათვალისწინება დღემდე არ მომხდარა და არც ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტში ასახულა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვების მიმართულებით ხელისუფლების ინიციატივები შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი თანმიმდევრული და გამჭვირვალე უნდა იყოს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, განსაკუთრებით კი, პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვის წინ პარტიების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით, შეთანხმება სწორედ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივებს, განცხადების მიხედვით, მათი ნაწილი პოზიტიურია, თუმცა არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემის დახვეწითა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვით უნდა დაიწყოს.