აქტუალური
საგარეო ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში

vneStorgთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, 2011 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და 6.481 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.377 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.

ექსპორტმა იანვარ-სექტემბერში 1.552 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა (42%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა – 4.929 მილიარდი (38%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად 2011 წლის პირველ სამ კვარტალში კვლავ თურქეთი რჩება 1.06 მილიარდი აშშ დოლარით;  საქართველოს იმპორტის ყველაზე დიდი წილი სწორედ თურქეთზე მოდის – 901.2 მილიონი აშშ დოლარი; ხოლო ექსპორტმა ამ ქვეყანაში მხოლოდ 162 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც უფრო ნაკლებია აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით იანვარ-სექტემბერში. საქართველო, ძირითადად, შავი ლითონების ჯართისა და ფეროშენადნობის ექსპორტს ახორციელებს თურქეთში.

თურქეთს მოჰყვება აზერბაიჯანი – 713 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 613.1 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 395.9 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 342.5 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 296.4 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 281.7 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 231.9 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 207.4 მილიონი აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 194 მილიონი აშშ დოლარი.

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს (124.4 მილიონი აშშ დოლარი) 2011 წლის იანვარ-სექტემბერში.

137 ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს 2011 წლის პირველ სამ კვარტალში სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს, დადებითი ბალანსი მას 23 ქვეყანასთან ჰქონდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 32 ქვეყანასთან).

2011 წლის პირველ სამ კვარტალში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.5% შეადგინა – 332.9 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 196.7 მილიონი აშშ დოლარი (12.7%-იანი წილი მთლიან ექსპორტში);  შავი ლითონების ჯართი – 103.8 მილიონი აშშ დოლარი (6.7%); აზოტოვანი სასუქები – 95.6 მილიონი აშშ დოლარი (6.2%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 87.1 მილიონი აშშ დოლარი (5.6%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 56.9 მილიონი აშშ დოლარი (3.7%); თხილი – 54.15 მილიონი აშშ დოლარი (3.5%); ე.წ. არმატურა – 49.4 მილიონი აშშ დოლარი (3.2%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წლის პირველ სამ კვარტალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 656.3 მლნ აშშ დოლარი (13.3%); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 278.1 მლნ დოლარი (5.6%); ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყლების სასაქონლო ჯგუფი – 174.5 მლნ აშშ დოლარი (3.5%); სამკურნალო საშუალებები – 142.7 მლნ აშშ დოლარი (2.9%); ხორბალი – 139.8 მლნ აშშ დოლარი (2.8%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 98.3 მლნ აშშ დოლარი (2%); შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები – 77.4 მლნ აშშ დოლარი (1.6%); შაქარი – 69.3 მლნ აშშ დოლარი (1.4%); სიგარეტი – 62.2 მლნ აშშ დოლარი (1.3%).