საზოგადოება
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის წერილი მიხეილ სააკაშვილს

kongresi2თბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართავს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო პრეზიდენტო!

უკანასკნელ წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად, მილიონობით ჩვენი თანამემამულე აღმოჩნდა თავისი ისტორიული სამშობლოს – საქართველოს – ფარგლებს გარეთ. მათი უმრავლესობა პატიოსანი და წესიერი ადამიანია, რომლებიც საზღვარგარეთ მძიმე შრომის ფასად ცდილობენ, იშოვონ საარსებო წყარო და გადაარჩინონ ოჯახები შიმშილისა და სიღატაკისაგან.

ეს ხალხი ყოველდღიურად გზავნის საქართველოში მილიონობით დოლარს, რაც ავსებს ეროვნულ ბიუჯეტს და  ამცირებს სოციალური დაძაბულობის სიმწვავეს ქვეყანაში.

ეს ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დიდება და მსოფლიოში აღიარება მოუტანეს,  საქართველოს მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენენ.

ესენი არიან მსხვილი ბიზნესმენები და მეცენატები, ასევე, მთელი რიგი საქველმოქმედო და კულტურულ-საგანმანათლებო პროგრამების სპონსორები.

დაბოლოს, ეს ადამიანები, მიუხედავად მათი ამჟამინდელი მოქალაქეობისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და სიმპათიებისა, ქვეყნის პატრიოტები არიან და მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის  ძლიერ, ერთიან, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ყველა მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

განა თქვენ არ იზიარებთ ამ ფასეულობებს?

დღეს ქვების შეგროვების დრო დადგა, რათა გაერთიანდეს ჩვენი დატანჯული და მრავალ უბედურებაგამოვლილი ერი, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზეა მიმოფანტული.

სამშობლოში დაბრუნების და მოქალაქეობის უფლებები საერთაშორისო სამართლის  უმნიშვნლოვანეს პრინციპებს წარმოადგენენ და ისინი ასახულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-13 და მე-15 მუხლებსა და „საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, რომელთა ტექსტიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზეა მიღებული და უფლებების მთავარ გლობალურ განსაზღვრებას წარმოადგენს, რომლებიც  ნებისმიერ ადამიანს გააჩნია.

ადამიანის მოქალაქეობის უფლება და მისი აღდგენა, ასევე, ასახულია „მოქალაქეობის შესახებ ევროპის კონვენციის“  მე-4 და მე-9 მუხლებში, რომლებიც ავალდებულებს წევრ-ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოსაც), „ხელი შეუწყოს ყოფილ მოქალაქეებს მოქალაქეობის აღდგენაში...“

ბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის სახელით, რომელიც აერთიანებს საზღვარგარეთ არსებული ქართული დიასპორების 450 ათასზე მეტ წარმომადგენელს, მოგიწოდებთ, შეასრულოთ თქვენი კონსტიტუციური ვალი და საერთაშორისო ვალდებულებები და უმოკლეს ვადებში მისცეთ საქართველოს მოქალაქეობა ყველა თანამემამულეს, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება და ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და აყვავებაში თავისი წვლილის შეტანა!

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის სახით მოგიწოდებთ, აღუდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს, ცნობილ ბიზნესმენსა და მეცენატს ალექსანდრე ებრალიძეს, რათა მან შეძლოს მის ხელთ არსებული მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები გამოიყენოს ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ!

 

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“