პუბლიკაციები
საქინფორმი: „ვინ გახდება პრეზიდენტი კოკოითის შემდეგ?“ (ანალიტიკური მიმოხილვა)

anons-anal2სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2011 წლის 13 ნოემბერს ჩატარების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ამჟამინდელ ლიდერს მომავალ არჩევნებზე კენჭისყრა არ შეუძლია, რადგან პრეზიდენტის პოსტზე ის უკვე ორჯერ იყო არჩეული – 2001 და 2006 წლებში (2011 წლის 4 მაისს ადგილობრივი პოლიტიკოსების საინიციატივო ჯგუფმა წინადადება წამოაყენა კოკოითისათვის უფლებამოსილების ახალი – მესამე ვადის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, მაგრამ 2011 წლის 14 ივნისს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რეფერენდუმის ჩატარებაზე მათ უარი ეთქვათ). მიუხედავად ამისა, ედუარდ კოკოითი კვლავაც სერიოზულ გავლენას ახდენს სიტუაციაზე და განზრახული აქვს, თავის კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე 17 კანდიდატია რეგისტრირებული (უცნაური კანონზომიერებაა – რაც უფრო მცირეა ტერიტორია, მით მეტია პრეზიდენტობის ამბიციის მქონე ხალხი):

1. ანატოლი ბიბილოვი – რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი;

2. ალან კოტაევი – ცხინვალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

3. ვადიმ ცხოვრებოვი – სამხრეთ ოსეთის პურ-ფუნთუშეულის ქარხნის დირექტორი;

4. გიორგი კაბისოვი – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;

5. ალა ჯიოევა – განათლების  ყოფილი მინისტრი;

6. დიმიტრი ტასოევი – 2011 წელს გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი;

7. იგორ ალბოროვი – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

8. ედუარდ გაბარაევი – თავდაცვის სამინისტროს არტილერიის უფროსი;

9. სერგეი ბიტიევი – სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროს მთავარი სასამართლო აღმასრულებელი;

10. სოსლან თედეტი – სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის მეთაური;

11. ვლადიმერ ქელეხსაევი – სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მე-3 და მე-4 მოწვევის დეპუტატი;

12. აივარ ბესტაევი – რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების გამგე;

13. ალან პლიევი – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

14. მერაბ ჩიგოევი – სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი (კომპარტია);

15. ინალ ბაზაევი – სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი;

16. ჯემალ ჯიგკაევი – ცხინვალის საავადმყოფოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე;

17. ალან კოჩიევი – ძალოსნობის საბავშვო-ახალგაზრდული სპორტული სკოლის მასწავლებელი.

 

ამ სიის ბოლო ნომერს – ალან კოჩიევს – გამარჯვების არცთუ დიდი შანსი აქვს, რამეთუ ამჟამად ის დაპატიმრებულია, როგორც სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატ ალექსანდრე პლიევის ცემაში ეჭვმიტანილი.

უფრო ადრე – 2011 წლის 12 ოქტომბერს – „ბინადრობის 10-წლიან ცენზთან შეუსაბამობის გამო“ ცსკ-მ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ოპოზიციის სამ წარმომადგენელს, რომლებიც  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობენ: კომპანია „სტროიპროგრესის“ დირექტორ ალბერტ ჯუსოევს, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯამბულატ თედეევს (ცსკ-ს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ დაადასტურა) და მხატვარ გენო ქაჯაევს.

 

წარმოდგენილ სიაში პირველი ოთხი კანდიდატი შემთხვევით როდია გამოყოფილი, სწორედ მათ აქვთ აშკარა უპირატესობა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის სერიოზული შანსი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ჟურნალისტები მას შემდეგ, რაც ექსპერტებს, სახელმწიფო მოხელეებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და ცხინვალისა თუ უცხოური წყაროების ინფორმაცია გააანალიზეს. მოკლედ დავახასიათებთ თითოეულ მათგანს, მაშ ასე:

სიის პირველი ნომერი – სამოქალაქო თავდაცვის საქმეთა, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრი ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტის – ედუარდ კოკოითის, კანდიდატურა. თუმცა 2011 წლის 2 სექტემბერს კოკოითიმ განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე კანდიდატურასაც დაუჭერს მხარს – სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურორ თეიმურაზ ხუგაევს, რომლის და ედუარდ კოკოითის ძმის – რობერტის, ცოლია. მაგრამ მოქმედ პრეზიდენტთან ასეთი აშკარა ნათესაური კავშირის, უფრორე კი ოფიციალური მოსკოვის პოზიციის გამო, რომელიც ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურას ლობირებს, თეიმურაზ ხუგაევი საპრეზიდენტო მარათონის მიღმა დარჩა.

ვფიქრობთ, განმარტებას არ საჭიროებს, რას ნიშნავს სამხრეთ ოსეთისათვის რუსეთის დახმარება, ამიტომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს ესმის: ვისაც მოსკოვთან ყველაზე კონსტრუქციული ურთიერთობა ექნება, ამ დახმარების მიღებისას ყველაზე ნაკლები პრობლემა შეექმნება.

რამდენიმე შტრიხი ანატოლი ბიბილოვის პორტრეტისათვის: დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს ცხინვალში. 1988-1992 წლებში – რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის კურსანტი, ინგუშეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის – იუნუსბეკ ევკუროვის, თანაკურსელი და მეგობარი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ფსკოვის მედესანტეთა დივიზიაში გაანაწილეს, ნაკრები ბატალიონის შემადგენლობაში, რომელიც 1992 წელს სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა. შემდეგ – სამსახური სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, სადაც 1994-1996 წლებში სპეცრაზმის ასეულს მეთაურობდა. 1998-დან 2008 წლის ჩათვლით სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების ბატალიონში მსახურობდა ბატალიონის მეთაურის მოადგილის პოსტზე. ამავე რანგში აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს. 2008 წლის 31 ოქტომბერს სამოქალაქო თავდაცვის საქმეთა, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ახლად შექმნილი სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა. აქვს გენერალ-მაიორის წოდება.

ბიბილოვს ტიპური „ქორის“ ბიოგრაფია აქვს. ის მოწმობს, რომ ამ ადამიანს მთელი ცხოვრება ომს ასწავლიდნენ, და ის სწორედ ამას აკეთებდა, მათ შორის – 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარების წინააღმდეგ. თუ ის პრეზიდენტი გახდება, მოუწევს ყაზარმა პრეზიდენტის სასახლით შეცვალოს, ბრძანებების ენა – დიპლომატიის ენით, კამუფლაჟი – კოსტუმითა და ჰალსტუხით, რომელიც, ალბათ, ხარივით კისერზე მოუჭერს... მაგრამ საეჭვოა, საქართველოსადმი მისი დამოკიდებულება კოკოითისაზე უკეთესი იყოს.

სიაში მეორეა ცხინვალის ვიცე-მერი ალან კოტაევი – ცხინვალის მკვიდრი, პოპულარული, „ხალხის წარმომადგენელი“. დღეს ის მკაცრად აკრიტიკებს კოკოითის ხელისუფლებას მექრთამეობისა და კლანურობის გამო. გამოცდილი სამეურნეო მუშაკი ფილოლოგიური განათლებით იმ პოლიტიკოსთა ახალ თაობას მიეკუთვნება, რომლებსაც სახელმწიფო სამსახურის სოლიდური გამოცდილება და მართვის აპარატის რეფორმირების საკუთარი პროგრამა აქვთ.

საარჩევნო კამპანიას საქმის ცოდნითა და დიდი გაქანებით აწარმოებს. წარმატების შანსი აქვს.

შტრიხები ალან კოტაევის პორტრეტისათვის: სწავლობდა ცხინვალის სკოლა-ინტერნატში ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის, სადაც შემდეგ მასწავლებლადაც მუშაობდა. დაამთავრა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ცხინვალის აღმასკომში და სახალხო დეპუტატთა საბჭოში, კრიზისის მძიმე წლებში სამხრეთ ოსეთის პურკომბინატის დირექტორი იყო. 2002 წლიდან დღემდე ცხინვალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა. ამავე დროს, ცხინვალიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში კოტაევი ცხინვალელ მოლაშქრეთა მხარეს ქართული ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა.

სიის მესამე ნომერი – ვადიმ ცხოვრებოვი – ცხინვალის პურ-ფუნთუშეულის ქარხნის დირექტორი, ქალაქის ყოფილი მერი. ჩინებული მეურნე და შეძლებული ბიზნესმენი, გამოირჩევა პრაგმატული აზროვნებით: პირველ რიგში, საჭიროა, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, მთლიანად აგროსამრეწველო კომპლექსი, და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ გადამამუშავებელ დარგს. მე, როგორც რესპუბლიკის საწარმოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სიტუაციას შიგნიდან ვიცნობ... პრობლემის გადაწყვეტას ინვესტიციებისა და მცოდნე სპეციალისტების მოზიდვაში ვხედავ. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის განხორციელება სახელმწიფო დონეზე შეუძლებელია, და აუცილებელია კოლექტივების ან ქარხნების ხელმძღვანელობის მიერ საწარმოთა პრივატიზება, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა“, – ეს არის ფრაგმენტი ვადიმ ცხოვრებოვის – პრივატიზაციისა და კერძო ინიციატივების მომხრე ბიზნესმენის, ინტერვიუდან. საბედნიეროდ, ჩემს კონკურენტად ვერავის ვხედავ, თუ რესპუბლიკაში პატიოსანი არჩევნები ჩატარდება, ჩვენ პირველ ტურში გავიმარჯვებთ. მე არც პარტიას წამოვუყენებივარ, არც ხელმძღვანელობას, მე ხალხისგან მოვდივარ ჩემი ამომრჩეველი ჩემი ხალხია. მე უარი ვთქვი პარტიიდან კენჭისყრაზე, ვამჯობინებ, ხალხიდან მოვდიოდე. აგრეთვე, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ გამოვიყენებ იმ კავშირებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში მაქვს ხალხი ისედაც მიცნობს, ჩემს სათქმელს ჩემი მუშაობა ამბობს: პურ-ფუნთუშეულის კომბინატის დირექტორად და ქალაქ ცხინვალის მერად“, –- ესეც ვადიმ ცხოვრებოვის სიტყვებია. სამწუხაროდ, ამ ადამიანმაც აიღო ხელში იარაღი ქართველების წინააღმდეგ.

სიაში მეოთხეა გიორგი კაბისოვი – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მობილური კავშირგაბმულობის რუსული ოპერატორის – „მეგაფონის“ შვილობილი კომპანიის – „ოსტელეკომის“ აქციათა თანამფლობელი. ის ახალგაზრდა, წარმატებული და მდიდარი მეწარმეა. ასეთებს, ჩვეულებრივ, „საქმიან ადამიანებს“ უწოდებენ. ეფექტიანად აკონტროლებს მედიანაკადს სამხრეთ ოსეთში. საქმიანი თვისებებით და გარეგნულადაც კი თბილისის მერ გიგი უგულავას მოგაგონებთ. დევიზი ახალგაზრდა მინისტრისა, რომლის მთავარი ამოცანა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ყველა სახეობის განვითარებაა, შემდეგია: „ვაღიარებ მხოლოდ კონკრეტულ საქმეებს“. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მისი პიჯაკის შიდა მხარეზე პოლკოვნიკის სამხრეებია დაკერებული, ხოლო მისი საარჩევნო კამპანია მთლად ისე არ მიმდინარეობს, როგორც თვითონ ისურვებდა. ამ კამპანიას ხომ სკანდალურად ცნობილი რუსი პოლიტტექნოლოგი მოდესტ კოლეროვი ხელმძღვანელობს, რომელმაც საქართველოს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც კრემლის ჩინოსანი გახლდათ, რამდენიმე ქართული ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალების ყიდვას ცდილობდა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ძალიან დიდ „ოტკატებს“ ითხოვდა.

სამხრეთ ოსეთში წინასაარჩევნო სიტუაციის ბოლომდე გარკვევის შემდეგ საქინფორმის მთავარი რედაქცია ამ პროცესების შესახებ საქართველოს ხელისუფლების: მმართველი პარტიის – „საქართველოს ნაციონალური მოძრაობის“, საკანონმდებლო – საქართველოს პარლამენტის, და აღმასრულებელი ხელისუფლების – მთავრობის  აზრით დაინტერესდა. გასაკვირია, მაგრამ ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა...

მიუხედავად ამისა, საქინფორმის კორესპონდენტებმა რამდენიმე პარლამენტართან (მათ შორის, საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებთან), მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსა (დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, მინისტრის მოადგილეებსა და მინისტრებთანაც კი) და მმართველი „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობის გავლენიან წარმომადგენლებთან გასაუბრება შეძლეს.

უნდა აღინიშნოს შემდეგი:

– საქინფორმის რესპონდენტ-თანამოსაუბრეთა უმრავლესობამ მოულოდნელად სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებში საკმაო ჩახედულობა გამოამჟღავნა;

– საქინფორმის ჟურნალისტების პირველსავე შეკითხვაზე ყველა ოფიციალური პასუხი ერთმანეთს ჰგავდა: „ასეთ რესპუბლიკას, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი, არ ვიცნობთ, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნებს არ ვაღიარებთ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელები კრიმინალური მიდრეკილებებით გამოირჩევიან და შეუძლებელია იქ რაიმე დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდეს!“

მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქინფორმმა დაარწმუნა, რომ მათი გვარ-სახელები და თანამდებობები მკითხველისთვის ინკოგნიტო დარჩება, ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ მეწარმესა და მინისტრთან – გიორგი კაბისოვთან (იხ. ზემოთ მოყვანილი სიის №4), ბიზნესმენ ვალერი ცხოვრებოვთან (იხ. №3) და სამეურნეო მუშაკ ალან კოტაევთან (იხ. №2), მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი იარაღით ხელში ებრძოდა ქართულ ჯარს, დიალოგის გამართვა სრულიად რეალურ ამოცანად მიაჩნიათ. თბილისისთვის ცუდი ვარიანტია ხელისუფლებაში „ქორის“, კოკოითის მემკვიდრისა და მოსკოვის კაცის – ანატოლი ბიბილოვის მოსვლა, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კონტაქტის დამყარება არ გამოუვა.

ჩვენი ჟურნალისტების შემდეგ კითხვაზე – როგორ, რა მექანიზმების საშუალებით წარმოგიდგენიათ სამხრეთ ოსეთის მომავალ პრეზიდენტთან თანამშრომლობა? – ქართული სახელისუფლებო პოლიტისტებლიშმენტის წარმომადგენელთა პასუხი ნაკლებად კონკრეტული აღმოჩნდა: ერთობლივი ეკონომიკური, ეკოლოგიური, სამეურნეო და ბიზნესპროექტები – აი, ბუნდოვნად რაზე მიგვანიშნეს ქართველმა ხელისუფლებმა. რა თქმა უნდა, ისინი დამჯერი მოწაფეები არიან: „თქვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მიმზიდველები უნდა გახდეთ. მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით შეძლებთ მომავალში ამ ტერიტორიების დაბრუნებას!“ – ღია ტექსტით არაერთხელ უთხრეს მათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, ეცდება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი მისთვის ახლობელი ეკონომიკური თემით – ერთობლივი ბიზნესით და, ცოდვა გამხელილი ჯობს, პირდაპირი დაფინანსებით  მოიზიდოს, რაც – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მეთოდებისა და დიმიტრი სანაკოევთან ექსპერიმენტის გათვალისწინებით – გამორიცხული არ არის.