თბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავრობას ბიძინა ივანიშვილის მართლაც ეშინია“.
მისივე თქმით, „აშშ-ში იციან, რომ ამ ადამიანის მიმართ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ ავტორიტარული ნაბიჯები გადადგა“.
„იმ ზომამდე მივიდნენ, რომ მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს. პოლიტიკური მოვლენების განვითარების საწყის ეტაპზე ეს ექსტრემალურ ნაბიჯად მიგვაჩნია“, – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი და ამის საფუძველზე ასკვნის, რომ „მთავრობას ივანიშვილის მართლაც ეშინია“.
„უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობა, აუცილებლად მოძებნიდა მასთან ურთიერთობის გზებს. ახლა მისი ეშინიათ და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მან თავად მოახერხა საკუთარი ბიზნესის წარმართვა და ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ივანიშვილს ფინანსურად იგივე შეუძლია გააკეთოს, რასაც მთავრობა აკეთებს“, – აცხადებს მიტჩელი.
რაც შეეხება ხელისუფლების იმ ბრალდებებს, რაც ივანიშვილის „რუსულ პროექტად“ და „რუსეთის ინტერესების გამტარებლად“ წარმოჩენას უკავშირდება, როგორც ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, „საქართველოს მთავრობა ყველას, ვინც მას არ ეთანხმება, პრორუსულ ძალად მიიჩნევს“.
„ასე თუ ვიმსჯელებთ, შეუძლიათ, მეც პრორუსულ ძალად გამომაცხადონ. ჩემმა წინაპრებმა რუსეთი ერთი საუკუნის წინათ დატოვეს, ამერიკაში გადასახლდნენ და უკან აღარც მოუხედავთ. ვხედავ, რომ თუ რუსი ამერიკელი აიმაღლებს ხმას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ის პრორუსია, ჩინელი ამერიკელი გამოთქვამს კრიტიკას და ისიც პრორუსია, ხომ გესმით? ეს მშიშარას პოზიციაა. ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს სერიოზულად ვერავინ მიიღებს. შეერთებული შტატები სერიოზულად ეკიდება რუსულ საფრთხეს საქართველოსადმი, მაგრამ გამუდმებით და განურჩევლად ყველას „პრორუსი“ ეძახო, ვინც არ გეთანხმება, უბრალოდ, არასერიოზულია“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლინკოლნ მიტჩელმა.