აქტუალური
ღვინის ხუთი ქართული კომპანია რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად დოკუმენტაციას აგროვებს

qartuli_ghvinoთბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას ინფორმაციით, „ღვინის ხუთმა ქართულმა კომპანიამ რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტაციის შეგროვება უკვე დაიწყო“. როგორც კუკავა რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში „როსპოტრებნადზორში“ გამართული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას განმარტავს, „ახალი წლისთვის ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდება“.

„რუსეთის მთავარი სანიტრის – გენადი ონიშჩენკოს, უწყებაში გამართული ბოლო შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და მე მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქცია მქონდა, რადგან პრინციპული საკითხები უკვე გადაწყვეტილია. შეხვედრაზე „როსპოტრებნადზორის“ ტექნიკური განყოფილების თანამშრომლებმა ღვინის ხუთი ქართული კომპანიის წარმომადგენლებისგან ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვეს. კერძოდ, ამაში იგულისხმება, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქართული ღვინო რუსეთის სტანდარტებს, ასევე, რისგანაა დამზადებული, რა შემცველობისაა და ა.შ. კომპანიებმა ამ დოკუმენტების შეგროვება უკვე დაიწყეს“, – აღნიშნა კუკავამ, თუმცა კომპანიების ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

მისივე თქმით, ის აღნიშნული კომპანიების რეკლამირებას არ ახდენს, რათა მათ ხელისუფლებამ პრობლემები არ შეუქმნას. „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეხვედრაში მონაწილე ხუთი კომპანიის გარდა, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი ღვინის კიდევ 10-მდე კომპანიამ გამოთქვა“, – დასძნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.