რელიგია
ილია მეორე: „მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევა ამ ეტაპზე ძალიან საშიშია“

patriarqi-tabთბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას კონსტანტინოპოლში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც უწმიდესმა აღნიშნა, ის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის აღსაყდრების 20 წლის იუბილეზე იმყოფებოდა, სადაც შედგა საუბარი მომავალი მართლმადიდებლური კრების შესახებ.

„ბართლომეოს პირველს ძალიან უნდა, შედგეს კრება მართლმადიდებლური ეკლესიებისა. ჩვენ ვუპასუხეთ მას, რომ არ შეიძლება ამ კრების მოწვევა, სანამ არ იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სადავო საკითხები მოგვარებული“, – ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ბართლომეოს პირველს ეკლესიების ერთობის საქმეში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. „მსოფლიო პატრიარქის წინადადებაა, რომ ყველა ტაძარი, რომელიც ამა თუ იმ ეკლესიის გარეშეა, უნდა ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს. ჩვენ ვუთხარით, რომ ტაძარი უნდა ეკუთვნოდეს კონკრეტული ქვეყნის დედაეკლესიას, თუ ამის სურვილი აქვს ტაძრის მრევლს, ხოლო თუ მრევლს აქვს სურვილი, რომ ეს კონკრეტული ტაძარი ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს, მაშინ დედაეკლესია ამის წინააღმდეგ არ წავა. ეს ოქროს შუალედია. ეკლესიებს შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ვფიქრობ, მართლმადიდებლური კრების მოწვევა ძალიან საშიშია. შეიძლება წარმოიქმნას ეკლესიებს შორის ახალი განხეთქილება. იმედი მაქვს, ყველა საკითხი, რომელიც დგას ეკლესიებს შორის, მოწესრიგდება, მაგრამ ამას სჭირდება დრო“, – აღნიშნა ილია მეორემ.