აქტუალური
კვეზერელი გოროზიამ შეცვალა

gorozia_zaza23თბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს იუწყებოდა, სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად პარლამენტარ გურამ მისაბიშვილის დანიშვნა იგეგმებოდა, ხოლო გუბერნატორ ზაზა გოროზიას სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტისთვის ამზადებდნენ. მაშინ საქინფორმთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია ორივე მათგანმა უარყო, თუმცა, ჩვენი ინფორმაცია გამართლდა – დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება.

გუბერნატორის თანამდებობაზე კი, წერეთლის ვარაუდით, პარლამენტიდან გადაიყვანენ ვინმეს, თუმცა წერეთელს არ დაუკონკრეტებია, დაინიშნება თუ არა ამ თანამდებობაზე სენაკის მაჟორიტარი–დეპუტატი გურამ მისაბიშვილი.

მოგვიანებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც განაცხადა, „კვეზერელის ადგილს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია დაიკავებს“.

პრემიერმა კვეზერელს მინისტრობის პოსტზე გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა, მის მიღწევებზე და განსაკუთრებით აღნიშნა რთველის წარმატებით ჩატარება. მისი თქმით, კვეზერელი რჩება სახელისუფლებო გუნდის წევრად, თუმცა რა პოსტზე, ეს ჯერ უცნობია.

ნიკა გილაურმა ახალ მინისტრ ზაზა გოროზიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.