აქტუალური
„ნაციონალები“ აღარ მალავენ, რომ ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენისთვის იბრძვიან

akaki-minaთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი ეწვია, რომელმაც სახელისუფლო და ოპოზიციურ წრეებში რიგი შეხვედრები გამართა. ბერნსმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმიანა. ერთ-ერთ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ „სამართლიანი არჩევნების შედეგი 2013 წელს უნდა იყოს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა“.

ბერნსის ამ განცხადებაზე კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლების „გადაცემა“ ხელისუფლების იმავე პოლიტიკური ჯგუფისა და იმავე ადამიანებისთვის გადაცემას არ გამორიცხავს.

„არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, ხელისუფლება ხელისუფლებას გადაეცემა, არჩევნების შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკურ ჯგუფს და იგივე ადამიანებს გადაეცეს. აშშ არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის პატივს სცემს პარტნიორ სახელმწიფოებს და მათი ხალხის არჩევანს, ამიტომ თუ ბერნსის განცხადება ისე იყო გაგებული, როგორც რეკომენდაცია, რომ ხელისუფლება 2013 წელს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს უნდა გადაეცეს, მინდა, გითხრათ, რომ აშშ თავს უფლებას არ მისცემდა, რომ მისი პარტნიორი ქვეყნისთვის მსგავსი რეკომენდაცია მიეცა“, – განაცხადა მინაშვილმა.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების შემდეგ მინაშილის ეს განცხადება, რომელშიც საკმაოდ დიდია წყურვილი ხელისუფლებაში მესამე ვადით ან უვადოდ დარჩენისა, საზოგადოებას, ალბათ, არც გაჰკვირვებია. მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომელიც თავის დროზე „უხვად“ ასაჩუქრებდა ხელისუფლებას, „ნაცელიტა“ განსაკუთრებით გააქტიურდა და ეს გააქტიურება რომ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში არ თავსდება, ყველასთვის ნათელია. კიდევ ერთხელ აშკარად იკვეთება მმართველი გუნდის სამოქმედო სტრატეგია ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვის საკითხში – „ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა!“ თუმცა ეს სტრატეგია მხოლოდ ამ საკითხში არ იჩენს თავს – კარგა ხანია, ის „ფართოდ გამოიყენება“ არჩევნებშიც და მინაშვილის ბოლო განცხადებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინაშვილმა ამ სიტყვებით ამომრჩეველს პირდაპირ უთხრა, რომ მმართველი პარტია არჩევნებში თუ ვერ გაიმარჯვებს, გააყალბებს მას და ხელისუფლებაში მესამე ვადითაც მოვა. თუმცა, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, ქართველები ხომ ყველაფრის ღირსები ვართ. განსაკუთრებით კი, ის ქართველები, რომლებიც არჩვენების დღეს საარჩევნო უბნებთან ბორდიურებზე ჩამომსხდარნი „ნაციონალების“ მხარდამჭერების გამოცხადებას აკონტროლებენ და ერთ დღეში სოლიდურ ხელფასსაც იღებენ. როცა „ზამთარი კარზე მოადგებათ“ და ის სოლიდური ხელფასი შემოეფცქვნებათ, პრეზიდენტის ლანძღვით იჯერებენ გულს, შემდეგ კი მომავალ არჩევნებზე ისევ ჩამოსხდებიან ბორდიურზე და ხელკეტიანი ზედამხედველის კალთის ქვეშ ნაციონალების  „ამომრჩევლების“ უბნებზე გამოცხადებისთვის იზრუნებენ.