თბილისი, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ქართული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირაკლი ალასანია, ლევან ბერძენიშვილი, დავით გამყრელიძე, კახა შარტავა და გიორგი თარგამაძე.
„ახალმა მემარჯვენეებმა“ აქცენტი მომავალი წლის არჩევნებსა და მის დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთეს. დავით გამყრელიძემ განმარტა, რომ მან ყურადღება ხელისუფლებასა და რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას შორის შემდგარ საარჩევნო შეთანხმებაზე გაამახვილა. „იმედი გამოვთქვით, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ახალ ვერსიას უკან წაიღებს და დაბრუნდება ის ვერსია, რომელზეც შეთანხმება შედგა“, – აღნიშნა დავით გამყრელიძემ.
„რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმაც შეხვედრაზე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვასა და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა, გამოთქვა მოსაზრება, რომ, თუ 2012 წელს ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველო ვერასდროს გახდება ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წვერი.
გიორგი თარგამაძის თქმით, მან შეხვედრაზე უსაფრთხოებასა და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ვისაუბრეთ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, რათა ხალხს ფსევდომესიების მოლოდინი არ ჰქონდეს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკა ხალხის მონაწილეობით უნდა იქმნებოდეს“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. მან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ფართო სპექტრი, რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები. უილიამ ბერნსმა გამოხატა აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი. მან მადლიერება გამოთქვა ავღანეთის „ISAF“-ის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.