თბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-ფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, „პატრიარქის მთავარი მოვალეობაა, არასოდეს დააყენოს დარტყმის ქვეშ ეკლესია და ქვეყანა და დარტყმა თავის თავზე აიღოს.
ამის შესახებ უწმიდესმა დღეს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წმ. პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
როგორც კონფერენციაზე ილია მეორემ ბრძანა, წმ. პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი სწორედ ზემოხსენებულ თვისებას ფლობდა. უწმიდესმა ვრცლად ისაუბრა წმ. პატრიარქის შესახებ. მან აღნიშნა, რომ პატრიარქი ეფრემ II წმ. ამბროსი აღმსარებლის მდივანი იყო. ასევე, პატრიარქ ეფრემ მეორესაგან უწმიდესმა იცის, რომ წმ. ამბროსი აღმსარებელი ხელისუფლების მიმართ მკაცრი იყო და ხელისუფლებას ისეთ წერილებს სწერდა, რომლის ტონის შერბილება შემდეგ ეფრემ მეორეს უწევდა.უწმიდესმა გაიხსენა ცხუმ-აფხაზეთში მსახურების პერიოდიც, როდესაც მასთან წმ. პატრიარქის ვაჟი მივიდა და წმ. ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციისთვის მიმართვის ტექსტი მიუტანა. უწმიდესის თქმით, წმ. ამბროსი აღმსარებელი ღვთის წინაშე საქართველოსთვის ლოცულობს.
წმ. ამბროსი აღმსარებელი 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში დაიბადა. 1887 წელს მღვდლად ეკურთხა. იგი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა, რისთვისაც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. 1908 წელს ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. წმიდანი სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა. იგი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 1921 წლის 14 ოქტომბერს კი მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 1922 წელს წმ. პატრიარქმა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე მოწოდება გააგზავნა. ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა, მისი დევნა კი გაძლიერდა. იგი დააპატიმრეს და მხცოვანი ასაკის გამო 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სასტიკი იზოლაციითა და მთელი ქონების კონფისკაციით. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით, კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს. კათოლიკოსი ამბროსი 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმიდანად შერაცხა.