თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის – გოკა გაბაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი გულუბრყვილო ადამიანია, რომლის ადგილიც პოლიტიკაში არ არის. როგორც გაბაშვილი გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა მას ივანიშვილის მიერ „როიტერისთვის“ მიცემული ინტერვიუს გაცნობის შემდეგ.
„ადამიანი, რომელიც „როიტერს“ აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ თურმე ის ელის პუტინის გადემოკრატიულებას, რომ პუტინი დაიწყებს რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას და ამის შემდეგ მასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგებაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება, ან ძალიან გულუბრყვილოა და მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, ან სწორედ რუსეთის დაკვეთას ასრულებს“, – აცხადებს გაბაშვილი.მისივე თქმით, ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე ბევრი დეტალი მიუთითებს, მათ შორის ის, რომ თავის დროზე ბიზნესმენმა ფული სწორედ ამ ქვეყანაში იშოვა. „მე რამე კონსპირაციულ თეორიებზე კი არ ვლაპარაკობ, ვამბობ მხოლოდ იმას, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისედაც ზედაპირზე დევს. ივანიშვილმა ფული იშოვა რუსეთში – ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქვეყანაში, ის აქვეყნებს განცხადებებს, იძლევა ინტერვიუს, მაგრამ არსად ახსენებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს. მეტიც, ის 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს“, – განმარტავს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი.
დეპუტატი იმასაც ამტკიცებს, რომ „პუტინი სწორედ ივანიშვილის ფულით აპირებს აქაურობის ყიდვას, მაგრამ არაფერი გამოუვა – საქართველო არ იყიდება!“
როგორც საქინფორმისთვის კულუარული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მმართველ პარტიაში - უაღრესად ნერვული ვითარებაა: სააკაშვილის ეჭვიანობის გათვალისწინებით, ყველა უფრთხის ბიძინა ივანიშვილის მომავალ მამხილებელ განცხადებებს, რათა ზოგიერთები იმათ რიცხვში არ აღმოჩნდნენ, ვისთანაც ბიზნესმენს წარსულში რაიმე ურთიერთობა ჰქონდა. კერძოდ, გოკა გაბაშვილს ძალიან ეშინია, რომ თავის ცნობილ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ არ ახსენა მამა-შვილი გაბაშვილი. იმის გათვალისწინებით, რომ გოკას მამა - საქართველოს ახლანდელი ელჩია იტალიაში და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფოში ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და დღემდე ხელისუფლებაში გავლენიან ფიგურად რჩება, არ არის გამორიცხული, რომ მასაც ადრე რაიმე ურთიერთობა ჰქონია ივანიშვილთან, რის შესახებაც არც საზოგადოებამ, არც ხელისუფლებამ და არც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ იცოდა.