საზოგადოება
„რესპუბლიკელების“ საგანგებო განცხადება

respublikuri_partiaa2თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მისამართით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივი შეცდომების გზას დაადგა და საკუთარი მოქმედებებით ქვეყანა მორიგი დაძაბულობისკენ მიჰყავს. „რესპუბლიკური პარტია“ სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სურვილი – ბიძინა ივანიშვილი დანაშაულებრივი გზით ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესს, არის კიდევ ერთი მცდელობა, მოკლას ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ქვეყანას უმძიმესი არჩევანის წინაშე აყენებს.
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის სამართლებრივად აბსურდული და პოლიტიკურად გაუგებარი ჩამორთმევა, მისი ვაჟის მეგობრის დაკავება, სატელევიზიო ისტერია მანამდე ხელისუფლების დიდი მეგობრისა და ქველმოქმედის წინააღმდეგ, ივანიშვილის რუსული ინტერესების გამტარებლად გამოცხადება, ბანკი „ქართუს“ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული დღევანდელი მოქმედებები, ბიძინა ივანიშვილის დაცვისათვის იარაღის ჩაბარების მოთხოვნის წაყენება და ბოლო – სრულიად აბსურდული განცხადებები ვიზისა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ, როდესაც მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტი მხოლოდ ერთი კვირის გამოცემულია, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ცდილობს პოლიტიკური ტერორის, პოლიტიკურ ჟანდარმერიად ქცეული პოლიციისა და პროპაგანდის საშუალებებით გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს.
რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შესაძლებელი და აუცილებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის უკიდურესად სახიფათო რეჟიმის დაძლევა.
ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ჩვენი არჩევანია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ გზაზე ბევრი საფრთხეა, ეს გზა უკიდურესად სარისკოა, წინ ბევრი ბარიერია, თუმცა ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ვართ.
„რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვაპირებთ ამ საფრთხეებთან გამკლავებას და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას“.