აქტუალური
ქართველ მეღვინეებს მოსკოვში ელიან

onishchenkoooთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, მიმდინარე კვირას რუსეთში ღვინის ქართველი მწარმოებლების ვიზიტი იგეგმება, რომლებიც „როსბოტრებნადზორში“ მოლაპარაკებებს გამართავენ. „საქართველოს მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით არსებული ისტერიისა და საკითხის პოლიტიზების მიუხედავად, მიმდინარე კვირას ჩვენთან ჩამოვა ხალხი, ვისაც ცივილურად ვაჭრობის სურვილი აქვს“, – განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი გაჭიანურდება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნაა რუსი ექსპერტების საქართველოში ჩასვლა საწარმოების სერტიფიცირებისთვის. ონიშჩენკო გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა, რუსი ექსპერტები საქართველოში არ შეუშვან.

ამასთან, ონიშჩენკო აცხადებს, რომ აღიზიანებს ქართველი ბიზნესმენების ცვალებადი პოზიციები მათი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. „ჯერ ამბობენ, რომ განაახლებენ თავიანთი პროდუქციის რუსული ბაზრისთვის მიწოდებას. შემდეგ იწყება საქართველოს ხელისუფლების ისტერია, რომ არ სურთ რუსული ბაზარი. თუ არ გჭირდებათ, ნუ გჭირდებათ. მიზერული ოდენობით ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარს არ დააზარალებს“, – დასძინა ონიშენკომ.