აქტუალური
ივანიშვილს სამშობლოდან გაძევება ემუქრება

chioraთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, „ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ, თუ იგი ვიზას არ მიიღებს, რომელიც ბიზნესმენს ქვეყანაში ყოფნის უფლებას მისცემს“.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელთაც შეახსენა, რომ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღის განმავლობაში აქვთ და ამიტომ ივანიშვილს უახლოეს დღეებში ქვეყნიდან გაძევება არ ემუქრება“.

„თუმცა საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ივანიშვილზე ის წესები გავრცელდება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა უცხოელი მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს – იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისთვის შესაბამის ვიზას არ მიიღებს, შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მალე ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ვიზის გარეშე ყოფნა მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლება.