აქტუალური
„დარდუბალა“ ბრუნდება

dardubhalaთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ანიმაცია „დარდუბალას“ წარმოების განახლებაზე შეთანხმდნენ. როგორც რამიშვილმა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, ივანიშვილი პოლიტიკურ-სატირულ მულტსერიალს დააფინანსებს.

ივანიშვილის რეზიდენციაში 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროექტი, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავა. „დარდუბალას“ გმირებად კვლავ პოლიტიკოსები, მთავრობისა და ოპოზიციის წევრები მოგვევლინებიან. გაშარჟდება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რამიშვილის თქმით, მულტსერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ჟურნალისტიკაზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, მაგრამ ამ საკითხის შეთანხმება შეიძლება. გარანტია იქნება იმისა, რომ „დარდუბალას“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ჩაერევა“, – აღნიშნა რამიშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილის ფულადი თუ ინტელექტუალური რესურსები მნიშვნელოვანია სააკაშვილის მოშორების საქმეში. „მე არასდროს დამიმალავს, რომ ამ საქმეში მონაწილეობა მინდა“, – დასძინა შალვა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დარდუბალა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2000-2002 წლებში გადიოდა. პოპულარულ სერიალში გაშარჟებული იყო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. სერიალს ამზადებდნენ შალვა რამიშვილი და გია ჭანტურია („საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი). შევარდნაძის გადადგომის შემდეგ სერიალის წარმოება დროებით შეწყდა, თუმცა მალევე აღდგა „დარდუბალა -2“-ის სახელწოდებით –  გაშარჟებული იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შს ამჟამინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.