ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტის საშუალებით დამიკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, „გრუ“-ს აკადემიის კურსდამთავრებული, სტრატეგიული აგენტურული დაზვერვის სპეციალისტი, ვიცე-პოლკოვნიკი სანდრო კავსაძე, რომლის სკანდალურ ინტერვიუსაც აქვე გთავაზობთ:
– მე მინდა, ვილაპარაკო რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველებზე, რომლებიც ვითომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები არიან, სინამდვილეში კი შეკრული არიან სააკაშვილის ხელისუფლებასთან, ბინძურ თამაშებს თამაშობენ და ამ ყველაფერს უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
– შეგიძლიათ, კონკრეტულად დაასახელოთ, რუსეთში მოღვაწე რომელ ცნობილ ქართველებს გულისხმობთ?– არაერთია ასეთი, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი და სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის იგორ გიორგაძე.
საერთოდ, ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა. ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსკოვში იყო შექმნილი და რომლებიც მუშაობდნენ ქართულ დიასპორასთან, კონტროლდებოდნენ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ და დღეს კონტროლდებიან სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ.
მთელ კავკასიაში თავი მოგვეჭრა. დაიწყეს ომი და სამი დღეც ვერ იომეს. ამხელა ფული შეჭამეს ოქრუაშვილებმა, ბეჟუაშვილებმა და ვიღაც ნაძირალებმა, ჯარს სული მოუკლეს და დღეს კავკასიაში ყველა მშიშარა ერად გვთვლის, როცა ყოველთვის მებრძოლი და მეომარი ერის სახელი გვქონდა. აი, ეს მიკლავს ყველაზე მეტად გულს და ამით ვარ შეურაცხყოფილი!
აგვისტოს ომის დროს რაც ამათ გააკეთეს, ამის შემდეგ მე ვარ მაგათი დაუძინებელი მტერი და ვინც მაგათი მტერია, ყველას ვთვლი ჩემს მეგობრად, ამას არ ვმალავ და პირდაპირ ვაცხადებ!
– ეს გასაგებია, მაგრამ იგორ გიორგაძეს რაღას ერჩით?
– რას ჰქვია, რას ვერჩი? ეგ არის ნაძირალა კაცი და პირდაპირ ასე დაწერეთ. ეშინია ჩემი და მემალება, მაგრამ ვერ დამემალება, მაინც მივწვდები. გიორგაძე მღვდელ გაპონზე უარესია და 26 მაისს რაც მოხდა თბილისში, მოედანზე ხალხი რომ დახოცეს, ეგ ყველაფერი არის მაგის კისერზე.
ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, გიორგაძე თანამშრომლობდა კახა თარგამაძესთან, ახლა თანამშრომლობს მერაბიშვილთან და აწყობილი აქვს სქემა, რომლითაც მილიონებს აკეთებს!
როცა 26 მაისის ამბები მოხდა თბილისში, მე ლუბიანკაზე ოფისში მივუვარდი იგორა გიორგაძეს და პირში ჩავაფურთხე, იმიტომ, რომ არის გადამგდები და ნაძირალა. ეგეთი საზიზღარი ადამიანი მე არ მინახავს.
– ბატონო სანდრო, კონკრეტულად გამაგებინეთ, გიორგაძის რა სქემაზე ლაპარაკობთ და 26 მაისის ამბებში მას რატომ ადანაშაულებთ?
– რა ვერ გაიგეთ, კაცო, გეუბნებით, რომ მერაბიშვილთან არის კუდით გადაბმული.
გიორგაძემ ოქრუაშვილი მოატყუა, მხარში დაგიდგებით, ჯარს მოგცემთ, წადი, სააკაშვილი დაამხეო, „ეფ-ეს-ბე“-ს ოქრუაშვილი მოსკოვში შემოაყვანინა,მერე მერაბიშვილს მიჰყიდა ეს სქემა და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მერაბიშვილმა უდანაშაულო ხალხი ჩახოცა. რეზულტატი რა მივიღეთ? ისევ სააკაშვილი ხელისუფლების გაძლიერება.
გეუბნებით, რომ იგორა გიორგაძემ ამაში აიღო ფული, ოქრუაშვილი და ის ხალხი კი, ვინც იყო ამ ყველაფერში გარეული, დღესაც აზრზე არ არიან, ვინ მოატყუა!
საწყალი გია კრიალაშვილი გიორგაძემ მოკლა. მოვა დრო და ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები: ვეუბნებოდი ცხონებულ კრიალაშვილს, დაანებე თავი ამ გიორგაძეს, თორემ დაგღუპავს-მეთქი, მაგრამ არ დამიგდო ყური!
– ე.ი. ე.წ. მუხროვანის ბუნტშიც იგორ გიორგაძის ხელი ერია?
– რა თქმა უნდა!
– მაშინ რუსეთში მყოფ ბევრ ქართველს დააბრალა ხელისუფლებამ ე.წ. მუხროვანის ბუნტის მოწყობა, მაგრამ მათ შორის იგორ გიორგაძე არ დასახელებულა...
– გიორგაძე სააკაშვილის ხელისუფლებას სჭირდება მტრის ხატად, სინამდვილეში კი მაგათთან თანამშრომლობს და მილიონები კეთდება. ამას ვეღარ უნდა მიხვდეთ ამდენი ხანი საქართველოში?
2006 წელს კოდორის ხეობაში რაც მოხდა, ეს იყო გიორგაძის გათამაშებული კარტი. დერიპასკასგან აიღო 30 მილიონი, ვითომ აფხაზეთში შეიარაღებულ ხალხს ამზადებდა, პოლიტიკურ პარტიებს ფულს აძლევდა და სააკაშვილს ამხობდა. საწყალი ემზარ კვიციანი მოატყუა – შენ ერთი დაიყვირე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. სინამდვილეში, გიორგაძე გარიგებული იყო სააკაშვილთან, დერიპასკასთვის გამორთმეული 30 მილიონი ჯიბეში ჩაიდო და კვიციანს დააბრალა ყველაფერი – ერთი საათით ადრე დაიწყო ოპერაცია და ამიტომ არ გამოვიდა სააკაშვილის დამხობაო!
ეს იყო გენერალური რეპეტიცია, რომ სააკაშვილსა და გიორგაძეს კოდორის ხეობა ჩაებარებინათ რუსებისათვის და ჩააბარეს კიდეც!
იმის გამო, რომ გიორგაძემ და მაგისმა ხალხმა არ გამაგოროს, მე დავტოვე რუსეთი და ახლა ცენტრალურ ამერიკაში ვარ. გეუბნებით, როცა დაინახა, რომ ვიღაცას მართლა უნდოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, ზოგი გააგორა და ზოგი დააჭერინა!
ამ უტვინო ქართველმა ოპოზიციონერებმა დაანებონ თავი გიორგაძეს და მიხვდნენ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეგ არის გამყიდველი კაცი, რომელიც შეკრულია სააკაშვილთან და სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ კაპიკსაც არ მისცემს არავის!
თუ გიორგაძეს ნამუსი აქვს, გამოვიდეს და დამელაპარაკოს – უნდა ტელევიზიაში და სადაც უნდა, რატომ გამირბის და რატომ მემალება?
მე არ ვმალავ და ვამაყობ, რომ „გრუ“-ს აკადემია მაქვს დამთავრებული და სტრატეგიული აგენტურული დაზვერვის სპეციალისტი ვარ, ვინც „გრუ“-ს აკადემია და სტრატეგიული აგენტურული დაზვერვის ფაკულტეტი დაამთავრა.
კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაიგეთ საქართველოში ყველამ, რომ იგორ გიორგაძე არის სააკაშვილთან შეკრული და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რაც შეიძლება დიდხანს იყოს.
მოსკოვში ვინც არიან ქართველები, ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ გიორგაძის ეშინიათ. იციან, რომ ან მოაკვლევინებს, ან დააჭერინებს, ბიზნესს წაართმევს და მიწასთან გაასწორებს. მე იგორა გიორგაძის არ მეშინია, ხმამაღლა ვამბობ ამ ყველაფერს და თუ ბიჭია, გამოვიდეს და გამცეს პასუხი!
– მე აუცილებლად შევეცდები იგორ გიორგაძესთან დაკავშირებას და შევთავაზებ, რომ თქვენს ბრალდებებზე პასუხი გასცეს. იმედი მაქვს, უარს არ მეტყვის...
– კი, ბატონო, მაინტერესებს ძალიან, რას იტყვის! მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი და ბევრ რამეზე დაწვრილებით ვილაპარაკებ უახლოეს მომავალში!
ბოლოთქმა: თუ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები იგორ გიორგაძე გამოთქვამს სურვილს, რომ სანდრო კავსაძის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს პასუხი გასცეს, „ასავალ-დასავალი“ მას ტრიბუნას აუცილებლად დაუთმობს და პირადად მე ნებისმიერ დროს მზად ვარ იგორ გიორგნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
www.asavali.ge