აქტუალური
ხელისუფლება ივანიშვილის განცხადებების კომენტირებას თავს არიდებს

mid-gruzii2თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – „როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე, მაშინ, როდესაც არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არ არსებობს?“ – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მოგეხსენებათ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი მის მიერ საქართველოს შემადგენელი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გახდა“.

ვაშაკიძემ სხვა კომენტარის გაკეთება, მითუმეტეს, ივანიშვილის განცხადების კომენტირება, არ ისურვა და ჟურნალისტის კითხვა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ვაშაკიძის მსგავსად, ივანიშვილის განცხადებებსა და ხედვებზე კომენტარის გაკეთებას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ერიდებიან. ჯერჯერობით მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს სერიოზული და ვრცელი კომენტარი ბიზნესმენსა და მის გეგმებთან, ასევე, ხედვებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.