თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველო და რუსეთი მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 20 ოქტომბერს ჟენევაში გამართავენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ.
მოლაპარაკებების წინა რაუნდები პროგრესის გარეშე დასრულდა, რადგანაც რუსეთი უარს აცხადებს იმ მექანიზმების მიღებაზე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ვაჭრობის „სრულ გამჭვირვალობას“ უზრუნველყოფს, – ამბობს კაპანაძე.
მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ იმ ტვირთების მონიტორინგს თანხმდება, რომლებიც შესაძლოა, რუსეთიდან სეპარატისტული რეგიონების გავლით შევიდეს საქართველოში და არა იმ ტვირთების, რომელთა დანიშნულების საბოლოო ადგილი სეპარატისტული რეგიონების შიგნით მდებარეობს.ამავე დროს, სააგენტო „ინტერფაქსი“ მსო-ზე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლის – მაქსიმ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სამუშაო ჯგუფის არაფორმალური შეხვედრა 26-27 ოქტომბერს იგეგმება, ხოლო სამუშაო ჯგუფის საბოლოო ფორმალური შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება.
მსო-ს ახალ წევრთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. ეს ჯგუფი იმ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც კანდიდატ ქვეყანასთან მოუგვარებელი სავაჭრო საკითხები აქვთ. შვეიცარიის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ცალკე იმართება.
კაპანაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე არსებული სამუშაო ჯგუფი ფორმალურ შეხვედრას ვერ გამართავს. ამგვარ ფორმალურ შეხვედრაზე მიიღება გაწევრების დოკუმენტის პროექტი. ეს დოკუმენტი მოცულობითი ანგარიშია, სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრების პირობები.