საზოგადოება
ივანიშვილის ტელეინტერვიუ „REUTERS“-ს

ivanaaaa

თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო „REUTERS“-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს ვერსიას, რომელიც სააგენტოს საიტზე www.ru.reuters.com დღეს გამოქვეყნდა, საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და სურს, 2012 წლის არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის პარტია გამოიწვიოს, პოლიტიკურ პრიორიტეტს რუსეთთან დიალოგის აღდგენას ანიჭებს.

რუსეთმა, რომელმაც საქართველო 2008 წლის ხუთდღიან ომში დაამარცხა, მოკავშირე დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოსგან მიიღო მტკიცე უარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე. კრემლი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა სააკაშვილის შეცვლის სურვილის შესახებ, ქართული ოპოზიციის ლიდერებს დემონსტრაციულად მასპინძლობს მოსკოვში.

„ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ რუსეთთან ინტერესების დაახლოებას, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განუცხადა ივანიშვილმა „REUTERS“-ს. 55 წლის მილიარდერმა, რომელიც აქამდე სააჯროობას გაურბოდა, სააგენტოს ინტერვიუ ქართულ ენაზე თბილისში, საკუთარ ბიზნესცენტრში მისცა, რომელიც ცნობილი იაპონელი არქიტექტორის – შიმონ ტაკამაცუს დაპროექტებულია და 55 მილიონი დოლარი ღირს.

ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 185-ე (რუსეთში – 25-ე) ადგილზე მყოფმა ივანიშვილმა $5,5-მილიარდიანი კაპიტალით, წინა კვირას პირველად განაცხადა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ და სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.

იუსტიციის სამინისტრომ კი ივანიშვილს შეახსენა, რომ რუსული მოქალაქეობის ფლობასთან ერთად, მას ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ 2010 წლის მარტში მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ივანიშვილს არჩევნებში პარტიის შექმნას, დაფინანსებას და მონაწილეობას უკრძალავს. „ისინი ჩემი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას შეეცადნენ, თუმცა მე გაჩერებას არ ვაპირებ. თუ ისინი შეეცდებიან, არჩევნებში მონაწილეობა ამიკრძალონ, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

რეგულარული საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიციამ შენიშნა, რომ ხელისუფლებას არჩევნების დროზე ადრე დანიშვნა სურს, რათა შეაჩერონ ივანიშვილი. პრეზიდენტის ოპონენტებთან მოლაპარაკებებზე ეს უკანასკნელი წავიდა. „ჯერ ადრეა, ვილაპარაკოთ, ბლოკს შევქმენით თუ ეს იქნება ერთი პარტია... ამჟამად მიდის მოლაპარაკებები ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მათი უმეტესობა, ვინც სააკაშვილს აკრიტიკებს, ივანიშვილმა მონათლა როგორც „ფსევდოოპოზიცია“, მაგრამ პირობა დადო, რომ ეს ძალები გამანადგურებელ მარცხს განიცდიან. „მე შემიძლია გითხრათ, რომ 90%-ით დარწმუნებული ვარ, ჩვენ უმრავლესობით შევალთ პარლამენტში“. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პოლიტიკაში წასვლა ერთკვირიანი ორჭოფობისა და უძილო ღამეების შემდეგ გადაწყვიტა.

„ბოლომდე ვმერყეობდი... მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად გამყარდება, ხოლო მათი (ხელისუფლების) პოზიციები შესუსტებას დაიწყებს“, – განაცხადა მეწარმემ და დაადასტურა მისი მიზნები რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს.

„ჩემი ქონების აღწერა (რუსეთში) უკვე დაიწყო...მე ვიცი, რომ ყველაფრის მაღალ ფასში გაყიდვა ვერ მოხერხდება, მაგრამ მზად ვარ, მოვახდინო ყველაფრის რეალიზება“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი ოფისის კედლები თბილისში გაფორმებულია დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნახატებით, ეზოში კი დგას ზახი ჰადიდის, ანიშა კაპურას და ჰენრი მურის სკულპტურები.

ევროპის გაოცება დემოკრატიით

ივანიშვილმა ჩამოთვალა პრობლემები, რომლებითაც უნდა რომ დაკავდეს პრემიერის ან პარლამენტის სპიკერის რანგში. ეს არის კონსტიტუციური რეფორმა არა საზოგადოებრივი დისკუსიის ბაზაზე, არამედ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ბაზაზე, სასამართლო რეფორმა თავისუფალი სასამართლოს არსებობის გარანტიის შესაქმნელად, კორუფციის აღმოფხვრა მაღალ ეშელონებში და სხვა ზომების მიღება საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. მილიარდერის ვარაუდით, შედეგის მისაღწევად მას 2 ან 3 წელი დასჭირდება. შემდეგ კი პოლიტიკიდან წავა. „მე ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიის ხარისხით, რომელსაც საქართველოში მივიღებთ, ევროპასაც კი ვაჯობებთ. ეს იქნება ისეთი დემოკრატია, სადაც ევროპელებს თავად მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადება“, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი, ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, თვლის, რომ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნება სურს. მართალია, მას კონტიტუციური უფლება აღარ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რადგან 2-ჯერ ზედიზედ პრეზიდენტი უკვე იყო, თუმცა იგი პრემიერ-მინისტრის პოსტით ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.

ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია სააკაშვილის ულმობელი კრიტიკის ადრესატის, პრემიერ-მინისტრ პუტინის მიერ, რომელიც მომავალ წელს აპირებს, დაუბრუნდეს კრემლს მინიმუმ 6 წლით. „მე ვიცი, რომ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნება სურს, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!“ – აცხადებს ივანიშვილი.

ერთი წლის წინათ კონსტიტუციაში შეტანილი შესწორება საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლებას აფართოებს. პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება პრეზიდენტის ძალაუფლებასთან შედარებით უფრო დიდია. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, არც თავად და არც მისი გარემოცვა არ საუბრობს მის პოსტსაპრეზიდენტო გეგმებზე.

რუსეთთან ომის დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ კრემლის წინააღმდეგ, ივანიშვილიც ადანაშაულებს რუსეთს, „უპრეცედენტო აგრესიაში“, ამავე დროს, საგარეო პოლიტიკის სისხლიანი დაპირისპირებას მან „მოუფიქრებელი და არადიპლომატიური“ პოლიტიკა უწოდა, რომელიც თბილისს აქვს ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.

რუსეთმა გამოაცხადა ომი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. საქართველო ამბობს, რომ ომში საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩაერთო. საბოლოო ჯამში მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა საერთაშორისო არენაზე კრემლს კონფუზი ელოდა, რამდენადაც მის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ მიმართეს. რუსეთის მოქმედება დასავლეთმა დაგმო, მაგრამ თბილისის პასუხისმგებლობაზეც მიუთითა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მას შეეძლება იპოვოს კომპრომისი და საქართველოსთვის „აშშ-თვის, ევროპისა და რუსეთისთვის მისაღები“ როლი იპოვოს.

მან გაიხსენა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს კვლავ მოუწევს, საქმე იქონიოს პუტინთან და ამას დაუკავშირა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის რეფორმების მოლოდინები.

„რუსეთის საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანი, თუმცა უფრო მეტად დემოკრატიული რუსეთი ევროპისთვის და აშშ-თვის უფრო საინტერესო იქნებოდა“.