რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო – ისევ “გაზის სექტორშია”!

a0(ფიქრები პუტინის დაბადების დღეს)
რატომ დაუკავშირა სააკაშვილმა „თბილისობა“ პუტინის დაბადების დღეს?
რა უთხრა მას სარკოზიმ, რის შემდეგაც სააკაშვილმა იგი აეროპორტში არ გააცილა?
რა გადაარჩენს საქართველოს და როდის?
„ასავალ-დასავალი“ სთავაზობს მკითხველს ინტერვიუს საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან, სადაც ის  საქართველოსთვის მთავარ ბოლოდროინდელ მოვლენებს კომენტარს უკეთებს.

კორ.: ბატონო მთავარო რედაქტორო! თქვენს ინტერვიუებში გაზეთ „ასავალ-დასავალს“ „NATOხტარის სასაკლაო და „Failed President of Georgia“ (2011 წლის 4 ივლისი) და საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ „მიხეილ სააკაშვილის სომხური ჩიხი“ (2011 წლის 19 ივლისი) თქვენ – საქართველოში პირველმა და, ჯერჯერობით, ერთადერთმა – განაცხადეთ:

პირველი – საქართველოს ბოლო ისტორიული შანსია, გამოიყენოს ახლო მომავალში პუტინის პრეზიდენტობა ერთადერთი ადამიანის, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია;

მეორე – საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი.

პირველი სურვილი, როგორც ჩანს, აგისრულდებათ – 2011 წლის 24 სექტემბერს პრემიერმა პუტინმა მიიღო პრეზიდენტ მედვედევის წინადადება, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ედინაია როსიას“ კანდიდატი გამხდარიყო. თუ ასრულდება თქვენი მეორე სურვილიც – საქართველოსა და რუსეთის ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანების თაობაზე?

ა.ხ.: უკვე სრულდება! თქვენ მიერ ხსენებული ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ – 2011 წლის 3 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ სტატია დაწერა ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის მომავალი, რომელიც დღეს იბადება, სადაც ახალი ევრაზიული კავშირი რუსეთის, ბელრუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე წარადგინა. თავის სტატიაში პუტინი აღნიშნავს, რომ მისი რეალიზაციისას გამოყენებული იქნება შენგენის შეთანხმებების გამოცდილება... ს დაეფუძნება საკვანძო ინსტიტუციურ სფეროებში შეთანხმებულ მოქმედებას... ერთიან სავიზო და მიგრაციულ პოლიტიკას, რაც შიდა საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის მოხსნის საშუალებას მოგვცემს.

კორ.: ანუ იმის თქმა გნებავთ, რომ პუტინმა თვითონ ერთიანი ეკონომიკური სივრცის კონკრეტული მოდელი დასახა, რომელშიც გულით გწადიათ, რუსეთთან ერთად საქართველოც იხილოთ?!

ა.ხ.: სრული სიმართლეა. ერთიანი ეკონომიკური სივრცის პროექტი სტარტს 2012 წლის 1 იანვარს იღებს, მაგრამ საქართველოს, ისევე, როგორც სხვა (თანაც, არა მარტო პოსტსაბჭოთა!) ქვეყნებს, შეუძლია მას მოგვიანებით შეუერთდეს – როდესაც მოლაპარაკებათა მაგიდის ერთ მხარეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი დაჯდება, მეორე მხარეს კი – ხალხის მიერ პატიოსნად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი. ხოლო როდესაც საქართველო ახალ ევრაზიულ კავშირში შევა, ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფარგლებში ის უცილობლად გაერთიანდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რასაც მე თქვენ მიერ ზემოხსენებულ ინტერვიუში ვაცხადებდი.

კორ.: ბატონო არნო! ახლა, როდესაც ახალ ინტეგრაციულ პროექტზე ლაპარაკობდით, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას რეინტეგრაციული პროექტი გამახსენდა, რომელიც მან ჯერ 2009 წლის 7 ნოემბერს ონლაინკონფერენციაზე წარადგინა „არგუმენტი ი ფაქტის“ საინფორმაციო მოედანზე.

ა.ხ.: სრულიად ლოგიკური ასოციაციაა, ამ პრესკონფერენციას მე მაშინ დაწვრილებითი პუბლიკაცია მივუძღვენი. ალექსანდრე ჭაჭიას რეინტეგრაციული პროექტის თანახმადაც, თავდაპირველად  ეკონომიკური ხასიათის ამოცანები უნდა გადაიჭრას, შემდეგ კი პოლიტიკური. ამასთან, ავტორის ჩანაფიქრით, ამ ახალი რეინტეგრაციული პროექტის სუბიექტებიც რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყვნენ, შემდეგ კი ის შესაძლოა, სხვა ქვეყნების ხარჯზე გაფართოვდეს. ჭაჭია ამბობს: „ჩვენი მთავარი ამოცანაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნება, მათთვის ნორმალური საარსებო პირობების უზრუნველყოფა. ამის შემდეგ აუცილებელია ახალი ნაციონალური პროექტის პირობებში ინტეგრაციულ პროცესებზე გადასვლა. ურთიერთობათა აღდგენის პროცესი საქართველოში ეროვნულად ორიენტირებული ძალის ჩამოყალიბებით უნდა დაიწყოს, რომელიც შეძლებს, რეალურად შეცვალოს პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. საქართველოს  ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! თუ საქართველოს საქართველოშივე ჩამოყალიბებული ეროვნულად ორიენტირებული ხელისუფლება  ეყოლება, ის საერთო ენას გამონახავს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან.

სხვათაშორის, იმ პუბლიკაციას, რომელშიც ჭაჭიას რეინტეგრაციულ პროექტზე ვსაუბრობდი, ასეთი სათაური ჰქონდა: „სააკაშვილს არ გაუკვირდება, თუკი პუტინს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩევენ და „ოქროს ვერძის“ ორდენით დააჯილდოვებენ!“ როგორც იცით, საპატიო თბილისელებს „თბილისობაზე“ ასახელებენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, დაამთხვია. ჰოდა, გარწმუნებთ, რომ 2012 წლის 7 ოქტომბერს, 60 წლის იუბილეზე, პუტინს თბილისობაზე“ თბილისის საპატიო მოქალაქედ გამოაცხადებენ და ოქროს ვერძის ორდენით დააჯილდოვებენ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, მისი ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ენიჭებათ!

კორ.: საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტიც პუტინის დაბადების დღეს უსწორეს?!

ა.ხ.: რა თქმა უნდა. ოღონდ ეს ვიზიტი არ ყოფილა. სარკოზი ვიზიტით მხოლოდ სომხეთს ეწვია, სადაც მთელი დღე-ღამე დაჰყო (არჩევნების წინ ხომ საფრანგეთის სომხური დიასპორის მხარდაჭერა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია!), ხოლო აზერბაიჯანში 4 საათით და, მით უმეტეს, საქართველოში 3 საათით შემოვლა ვიზიტად ვერასგზით ჩაითვლება. თბილისში სარკომ მხოლოდ ფინჯანი ყავა დალია, კერძებსა და სასმელს პირიც არ დააკარა, მისთვის მომზადებულ სასტუმროს ნომერში არც კი შეიხედა, მის პატივსაცემად სახელდებული სარკოზის ქუჩაც არ მოინახულა და აეროპორტში მარტო გაემგზავრა ის არც გაცოფებულ პრეზიდენტ სააკაშვილს, არც საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს გაუცილებიათ! სწორედ ამიტომ არ გვაჩვენეს ქართველთა მთავარი ფრანგი მეგობრის გამგზავრება...

კორ.: რა შეიძლებოდა გამხდარიყო სააკაშვილის უკმაყოფილების მიზეზი?

ა.ხ.: მიზეზი ერთია – მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში, რომელსაც, სხვათაშორის, ქართულ ენაზე სინქრონულად უხეში შეცდომებით თარგმნიდნენ ხელისუფლების სასარგებლოდ, და რომელიც პრეზიდენტის საიტზე კუპიურებით დაიდო, სარკომ, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას სარკომა სჭირს და მალე კომაში ჩავარდება! აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რას ეტყოდა ის პრეზიდენტ სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა პირისპირ საუბრისას.

კორ.: არადა, ყველა ქართული პროსამთავრობო საინფორმაციო საშუალება ამ გამოსვლას საქართველოს ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერად აფასებს...

ა.ხ.: კეთილი, მოდი, პროტოკოლური რევერანსები გვერდზე გადავდოთ, სააკაშვილის საპრეზიდენტო საიტიდან www.president.gov.ge სარკოზის გამოსვლა ავიღოთ და რამდენიმე საკვანძო მესიჯის მიხედვით შევაფასოთ:

1) დღეს საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა. ეს მეგობრობაა სწორედაც ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდებ, მტკიცედ დაადგნენ ამავე გზა, რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან, დაპირისპირება ბედისწერა არ არის. ამაში თითოეულმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. უამრავი შემთხვევა იქნა უკვე ხელიდან გაშვებული... რაც მთავარია, ომიდან სამი წლის შემდეგ, დადგა დრო, რომ აზროვნება და მიდგომები შეიცვალოს.

სარკოზი ამით ამბობს: საქართველომ რუსეთთან გულწრფელად და მტკიცედ უნდა იმეგობროს, როგორც საფრანგეთი და გერმანია მეგობრობენ, რომლებსაც გაცილებით უფრო სისხლისმღვრელი ომი ყოფდა, ვიდრე თქვენი აგვისტოს ომი იყო. ნუ იქნებით ორიენტირებული კავკასიაში არსებულ დესტრუქციულ ძალებზე, შეეშვით ჩერქეზთა და ჩეჩენთა გენოციდის აღიარებაზე ხლაფორთს, ოკუპაციის მუზეუმებს,  „PIK“-ზე  რუსოფობიულ პროპაგანდას და „რუსეთის შპიკების“ დაჭერას! შეწყვიტეთ რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის ყოველდღიურად ლაფში ამოსვრა, აგრესორის, მტრისა და ოკუპანტის ძახილი! შეიტანეთ თქვენი წვლილი შერიგებაში – დაბრუნდით რუსულ ბაზარზე, ხმა მიეცით „ВТО“-ში რუსეთის შესვლას, ხელიდან ნუღარ გაუშვებთ ასეთ შანსებს, რომელთა უმრავლესობა უკვე დაკარგეთ! შეიგნე, მიშა, რომ ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკა დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია, რომლის სტაბილიზებაში რუსეთი უნდა დაგვეხმაროს, როდესაც „ВТО“-ს წევრი გახდება!

მაგრამ ვერაგი მიშა კარგად ხვდება, რომ საქართველოს ხმა ВТО-ში რუსეთის მისაღებად სწორედ ის უკანასკნელი რამ არის, რაც მისგან აშშ-ს და ევროპას სჭირდებათ. თქვი, ვინ გამოგგზავნა?! გახსოვთ, როგორ აწამებენ ბანდიტურრილერებში? ათქმევინებენ, და მერე, რაკი აღარ სჭირდებათ, იმ საბრალოს გაასაღებენ...  

2) 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების სხვა ხელმომწერებმა, თავის მხრივ, უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და იკისრონ ეს ვალდებულება. ეს, ალბათ, ბუნებრივი სვლა უნდა იყოს, რადგან ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ახალი კონფლიქტი რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობას გაუთვალისწინებელი რისკის წინაშე დააყენებდა.

როდესაც სარკოზიმ ეს ფრაზა წარმოთქვა, შეყოვნდა, სცენაზე მისგან მარჯვნივ მჯდომ სააკაშვილს მიუბრუნდა, თითი ასწია და პირადად მას მიმართა, თან დამაჯერებლობისთვის დაამატა „ბატონო პრეზიდენტო!“ ამის შემდეგ სააკაშვილმა ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი (ეს მომენტი საქინფორმის ფოტოკორესპონდენტმა დააფიქსირა, იხ. ფოტო). იქნებ იმიტომ, რომ საზოგადოებამ, რომელიც მხოლოდ მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებას იცნობდა, უცებ კიდევ ერთი 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების შესახებ შეიტყო, რომელიც თვალითაც არავის უნახავს?! რა წერია იმ, როგორც ამბობენ, 44-პუნქტიან შეთანხმებაში? წარუმატებელი საომარი ავანტიურის მერე სასწრაფოდ გადადგომისა და საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის ვალდებულება ხომ არა?!

3) საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს, მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად, ევროპელები და რუსები, უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მდგრად კეთილდღეობას, ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას და გავაგრძელებთ მსოფლოში გავლენის შენარჩუნებას ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს. პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინ უნდა იყოს ან კვლავაც გახდეს რუსეთი საქართველოსთვის.

ამით სარკოზი ეუბნება პროამერიკელ სააკაშვილს, რომ ევროპელები და რუსები ერთად იცავენ ევროპას აშშ-ის დიქტატისაგან, რომელიც თავის წესებს ტრადიციულად მთელ მსოფლიოს ახვევს თავს. ამიტომ საქართველოს გულისთვის საფრანგეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორზე რუსეთზე უარს არ იტყვის. საქართველოს ურჩევნია, დაუმეგობრდეს რუსეთს, საფრანგეთის მსგავსად, მისი პარტნიორი და მეგობარი გახდეს, ვიდრე გამუდმებით იყოყოჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობით. „სად არის ბუში? სად არიან ამერიკელები? ისინი არ მოდიან თქვენს გადასარჩენად! არცერთი ევროპელი არ მოდის! თქვენ მარტონი ხართ! თუ ხელს არ მოაწერთ (დოკუმენტს, რომელსაც შემდგომში „მედვედევ-სარკოზის შეთანხმება“ ეწოდა), რუსული ტანკები მალე აქ იქნებიან! მაღალ ტონებზე ტუქსავდა სარკოზი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში თბილისში, სადაც კატეგორიული უარი თქვა სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოსვლაზე პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქცია-კონცერტზე, მიუხედავად იქ შეკრებილი ხალხის სკანდირებისა: „სარ-კო! სარ-კო! სარ-კო!“

4) მრავალი, ასობით ათასი თქვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი სწორედ მოსკოვშია. თქვენი ბიზნესმენები იქ აბანდებენ კაპიტალს, ხოლო მრავალი რუსი კოლეგა ჩამოდის აქ, თქვენი ეკონომიკის დინამიკური განვითარებით რომ ისარგებლოს. ყოველ წელს ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, რათა ისარგებლოს მისი მრავალფეროვანი კლიმატით, ლეგენდარული სტუმართმოყვარეობითა და სამზარეულოთი, უბადლო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით. მაგრამ ნდობის აღსადგენად დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს მიენიჭოს. ნდობის აღდგენის მიზნით საჭიროა, დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები.

მიშა, რიტორიკა შეცვალე! – მესამედ უსვამს ხაზს სარკოზი და დასძენს, რომ არ შეიძლება მტრობდე ქვეყანას, რომელშიც საქართველოს შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს – რუსეთის ქართული დიასპორისათვის ეს უაღრესად არასასურველი და კონტრპროდუქტიულია.

იფიქრეთ თქვენს ბიზნესმენებზე, გაუფრთხილდით მათ! – პრაქტიკულად, გვირჩევს სარკოზი. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დღეს – 7 ოქტომბერს – თბილისში სარკოზის გამოსვლა შემთხვევით დაემთხვა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის, პრეზენტაციას, ეს შესაძლოა, ამ უკანასკნელის მხარდაჭერად შევაფასოთ. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სარკოზი ეთნიკური ებრაელია და, ეჭვგარეშეა, იცის, როგორ მიზანმიმართულად აწამებენ ქართულ ციხეში შეთითხნილი ბრალდებით ჩამწყვდეულ ებრაელ ბიზნესმენებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს, მაშინ ეს ამ აღმაშფოთებელ უკანონობასა და ანტისემიტიზმის გამოვლინებაზე არაორაზროვანი მინიშნებაცაა!

ერთი ნახეთ, როგორ დასცინის რუსოფობიით შეპყრობილი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს სარკოზის სტუმრობის შემდეგ: „შენ ბიძინა კი არა, რუსი ბორია ხარ! შენ ივანიშვილი კი არა, ივანას შვილი ხარ! შენ საქართველოს კი არა, რუსეთის მოქალაქე ხარ! შენი ფული კრემლით ყარს! გაიხსენე პატარკაციშვილი, რომელიც ბადრი კი არა, რუსი არკადი იყო!“ და ეს ხელისუფლება რობერტ სტურუა ქსენოფობიაში ადანაშაულებს?!  

მომიტევეთ, და ასობით მილიონ დოლარ, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება ივანიშვილს არმიის, პოლიციის, მშენებლობების, კულტურის, ჯანდაცვისა და ნაცმოძრაობისთვის ართმევდა, „კრემლით არ ყარდა“? რით „ყარდა“ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის მილიონები, რომლებიც ხელისუფლებამ მიითვისა? რით „ყარს“ კახა ბენდუქიძის, მერაბ შარანგიას, კობა ნაყოფიას ფულ? ჯორჯ ბუშის უკანალი?!

5) ნდობის აღდგენის მიზნით, თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერ ჩაენაცვლება. ყველამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს,როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას,უფლება აქვს, განსაზღვროს თავისი გზა და თავისუფლად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები.

კი მაგრამ, ბატონო სარკოზი, განა ნატოს მონაწილეობა ლიბიის ოპერაციაში – რაშიც თქვენ გადამწყვეტი როლი ითამაშეთ – და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში გავლენის სფეროების პოლიტიკის მკაფიო განსახიერება არ არის?! საბჭოთა კავშირს და რუსეთის ფედერაციას, ძველი ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით, კოლონიები არც აქვთ და არც ჰქონიათ! სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას (რომ კავკასია არის რუსული ინტერესების ზონა) და პუტინის მიერ შექმნილ ახალ ევრაზიულ კავშირს გააკრიტიკებდით, იქნებ საკუთარ კოლონიურ აზროვნებაზე გეთქვათ უარი? რა, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის მოქალაქეებს უფლება არ აქვთ, განსაზღვრო თავისი გზა და თავისუფლად აირჩიო მეგობრები და მოკავშირეები? რა გესაქმებათ საფრანგეთიდან ათასობით კილომეტრზე – შორეულ აფრიკაში, ბატონო სარკოზი?! იქნებ საფრანგეთსა და ლიბიას 900 კმ საერთო საზღვარი აქვთ, როგორც რუსეთსა და საქართველოს? ან იქნებ ლიბიის მიმართ გულგრილი არ ხართ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საფრანგეთი უზარმაზარ თანხებს სესხულობდა დღეს თქვენთვის ესოდენ საძულველი პოლკოვნიკ კადაფისაგან?!

6) რაც შემეხება მე, როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია!

ესე იგი, სინამდვილეში საქართველო მაინც აზიაა, არა, ბატონო სარკოზი?! „მახსოვს 2003 წელი, როდესაც სწორედ ამ მოედნიდან პირველად მივმართე ქართველ ხალხს. ეს იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ. საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო და ჩვენ დაგპირდით, რომ მას ევროპულ  დემოკრატიად ვაქცევდით“, – ასე დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლა. ხოლო დაამთავრა იმავე სიტყვებით (ოღონდ მრავლობით რიცხვში), რომლებითაც „გაზით გაგუდულმა“ ზურაბ ჟვანიამ დაამთავრა თავისი გამოსვლა სტრასბურგში 1999 წლის 27 აპრილს: ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, მაშასადამე, ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ!. თუკი 11 წლის შემდეგ ამის მტკიცება კვლავაც აუცილებელია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უწინდებურად არშემდგარი სახელმწიფოა (Failed State), რომ საქართველოს არშემდგარი პრეზიდენტი ჰყავს (Failed President), რომ გასული წლების განმავლობაში საქართველო არ შეცვლილა და ევროპად არ ქცეულა!

კორ.: სააკაშვილის გამოსვლას შეეხეთ – რა კომენტარს გაუკეთებდით მას?

ა.ხ.: კოლეგა, თუ გახსოვთ, ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ მიერ ხსენებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ვამბობდი, რომ ჩვენ, ძირძველი თბილისელები, წაქცეულს არ ვურტყამთ, ამიტომ სააკაშვილზე არ ვილაპარაკებ. ან რა უნდა ითქვას ევროპული ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც 21-ე საუკუნეში თავის გამოსვლაში ზედიზედ 5-ჯერ ახსენებს მეხუთე კოლონას 37 წლის საუკეთესო ტრადიციებში?! და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მის მთავრობაში უცხოელი მრჩევლების -რე-უ“- თანამშრომლების მთელი კოლონადაა?!

P.S. როდესაც 7 ოქტომბერს საქინფორმის ჟურნალისტები თავისუფლების მოედანს ტოვებდნენ, გაზის მძაფრი სუნი იგრძნეს. თავდაპირველად, როგორც შემოქმედებითმა ადამიანებმა, იფიქრეს, რომ ეს „გაზისგან გაგუდული“ პრემიერ ჟვანიას ცნობილი ფრაზის გამო მოეჩვენათ, რომელიც სააკაშვილმა გაიმეორა. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყარდა გაზის სანთებელების გროვა, რომლებიც უშიშროების სამსახურმა მოედანზე ყველა მისულს ჩამოართვა. ასეა თუ ისე, საქართველო დღეს ისევ „გაზის სექტორში იმყოფება...

ესაუბრა თეა ასათიანი 

www.asavali.ge

a1 a2
a3 a4
a5 a6
a7 a8