აქტუალური
გაზეთი „ვერსია“: სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობას არ ართმევს
versiaთბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს არ აწერს განკარგულებას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების შესახებ, - იუწყება გაზეთი „ვერსია“ კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით.   გამოცემის აზრით, გარემოცვამ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა ხელი მოაწეროს განკარგულებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  „რატომ, რა ხდება კულუარებში? ამაზე, ჯერჯერობით, ოფიციალური პასუხი არ არის. სავარაუდოდ, სააკაშვილი თავს იზღვევს. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ არა აქვს შემუშავებული გეგმა, რითაც დაუპირისპირდება მილიარდერს, რომელსაც საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. სულ რაღაც ორიოდე დღეში გამოჩნდება, რა გზას აირჩევს სააკაშვილი - საკუთარი ქმედებით წამებულის გვირგვინს დაადგამს თავზე პოლიტიკაში მოსვლის მსურველ მილიარდერს და ამით კიდევ უფრო გაამყარებს მის გამარჯვებას თუ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, შეეცდება არჩევნებში დაამარცხოს... თუმცა ეს ყველაფერი, კიდევ უამრავ გარე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული...“, - წერს „ვერსია“. შევახსენებთ მკითხველებს, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გამო. როგორც ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, "ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ ღია და კრიტიკულ განცხადებასთან პირდაპირ კავშირშია, ეს კი პირდაპირი სამხილი და მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არა სამართლებრივ აქტთან".
„ბატონ ვაშაძეს შევახსენებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე გადაწყვეტილებას ბრძანებულების ან განკარგულების ფორმით იღებს“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.არც ქვეყნის პრეზიდენტს, არც მის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ბიძინა ივანიშვილის გეგმების თაობაზე.