აქტუალური
ბიგვავას კლიენტები: პოლიტიკის გამო გარდაცვლილი ჟვანია, პოლიტიკურად გარდაცვლილი ბურჯანაძე და ცოცხალი ივანიშვილი

bigvava111თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი ზურაბ ბიგვავა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გახდა. როგორც ბიგვავა თავად განმარტავს, „უკვე ერთი კვირაა, რაც ის პოლიტიკოსობის მსურველი ბიზნესმენის ინიციატივით, მასთან კონსულტაციებს მართავს“.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პოლიტიკურ გუნდში ნაკლებად მოვიაზრები. მე პოლიტიკური პიარის სპეციალისტი გახლავართ და ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობ. რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს, დღეს რამდენიმე განცხადება გავრცელდება, რომლებშიც სწორედ ამაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა ბიგვავამ.

ბიგვავას გარდა, ივანიშვილი გუშინ „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელ ნოდარ ჯავახიშვილსაც შეხვდა. გარდა ამისა, მთაწმინდაზე მდებარე საკუთარ სახლში ივანიშვილმა პირადი ადვოკატი ეკა ბესელიაც მიიღო.

ზურაბ ბიგვავა PR-ის, პარაფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის სპეციალისტია, ის არა მარტო ბურჯანაძის, არამედ ჟვანიას მუდმივი კონსულტანტი იყო. აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობისა და „მოქკავშირის“ თავმჯდომარეობის პერიოდში ბიგვავა იყო ადამიანი, რომელთან კონსულტაციების გარეშეც არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა. როგორც ამბობენ, როდესაც ბიგვავა ვაშლიჯვარში „მოქკავშირის“ ცენტრალურ ოფისში მიდიოდა, ჟვანია ყველანაირ შეხვედრას გვერდზე დებდა და ბიგვავასთან ერთად საათობით იკეტებოდა სასაუბროდ.

საქინფორმი გულწრფელად უსურვებს, რომ ბატონი ბიგვავას კონსულტაციებმა და რჩევებმა ივანიშვილს უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს, ვიდრე მის წინა ორ კლიენტს – პოლიტიკის გამო გარდაცვლილ ჟვანიას და პოლიტიკურად გარდაცვლილ ბურჯანაძეს. ბატონი ბიძინა, რომელიც, მისი განცხადებებიდან და დასახელებული სათანამშრომლო კანდიდატებიდან თუ ვიმსჯელებთ, მაინცადამაინც დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა, როგორც სანდო წყარომ შეატყობინა საქინფორმს, რჩეულებს ახლა სწორედ „მოქკავშირის“ კადრებიდან არჩევს. ალბათ, ჯერი ამჯერად ნიკო ლეკიშვილზე, მიხეილ მაჭავარიანზე, ხათუნა გოგორიშვილზე (რადგან არჩევნები კარს მოგვადგა!) და იმ საზოგადო მოღვაწეებზე მიდგება, რომლებიც „მოქალაქეთა კავშირის“ მთავარ საბჭოში იყვნენ და, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ბიძინა არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, შესაძლოა, ბოლოს მის გუნდში თვით მიხეილ სააკაშილიც კი ვიხილოთ!

 

ლევან სულაშვილი